კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 29-ე ტური გაიმართა. ვნახეთ შვიდგოლიანი, რვაგოლიანი და ცხრაგოლიანი მატჩიც. ასევე, სადებიუტო გოლები, ჰეთ-თრიქი, დუბლები, ორბურთიანი ჩამორჩენის მერე მოგებაც...
კახეთის გუნდმა 3:0 მოუგო საბურთალოს, რომელსაც საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი ელის დინამო ბათუმთან.
ანგარიში ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა აკრობატული დარტყმით. პირველივე ტაიმში მიხეილ ბაშელეიშვილმა საშუალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და 2:0.
მეორე ნახევარში კი იმედა აშორტიამ საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაიტანა. იმ მომენტში ჯერალდოს კარგი ქუსლური პასიც გამოსარჩევია.
თელავი მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში დილასთან სტუმრად მაინც გამარჯვება დასჭირდება, რათა მერვეზე არ ჩაინაცვლოს და ფლეი-ოფს ასცდეს. თელავის კონკურენტი გაგრაა, რომელიც შუქურას ხვდება.
თელავმა და გაგრამ თანაბარი ქულები თუ დააგროვეს, მეშვიდე გაგრა გავა, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობს კახეთის გუნდს.
წყალტუბოელებმა ნოდარ ლომინაძის გატანილი პენალტით სძლიეს გორის დილას. სამგურალი მეხუთე ადგილზეა და ჯერ კიდევ აქვს ევროტურნირებზე გასვლის შანსი, თუმცა თავის თავზე არაა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში გავა, თუ ბოლო ტურში თავად მოიგებს, პარალელურად დილა თელავთან წააგებს და პლუს თუ თასის ფინალს დინამო ბათუმი მოიგებს.
სამგურალის ამ გამარჯვებამ კი ქუთაისის ტორპედოც გაახარა, რომელმაც დილას გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა.
გაგრა მატჩის უმეტეს დროში აგებდა სამტრედიასთან და საბოლოოდ 4:3 აჯობა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირება იყო, გაგრა მერვეე გადავიდა, ხოლო სამტრედია მეცხრეზეა და ფლეი-ოფი ნამდვილად მოუწევს. ჯერ უცნობია, რომელ გუნდთან.
მე-15 წუთზე ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა პენალტით დააწინაურა სამტრედია. მიშოვი ზაფხულში გადავიდა სამტრედიაში და 8 გოლი უკვე მოუგროვდა.
აქედან ერთ წუთში გაგრას ფლანგელმა საბა მამაცაშვილმა ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო საპასუხოდ მიშოვმა კონტრშეტევაზე მაგარი პასი გაუკეთა თირნიკე ახვლედიანს, მანაც მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 0:2.
გავიდა სამიოდე წუთი და მამაცაშვილმა ამჯერად მაინც გაიტანა, შორიდან დარტყმით... 33-ე წუთზე კი ვასილ ხოსიტაშვილის ჩაწოდებულს მოჰყვა ჯუსტინ შონგას თავური და გაგრამ გაათანაბრა - 2:2.
ტაიმი მაინც სამტრედიამ მოიგო: აბდულა ხაიბულაევმა ჩახვეული დარტყმით შორეულ ცხრიანში გაიტანა.
მეორე ნახევარში კი გაგრამ თამაში მოატრიალა. ჯერ შალვა ბურჯანაძემ გაიტანა თავით და 3:3.
70-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანმა პენალტი გამოიყენა და ეს ბოლო გოლი აღმოჩნდა შეხვედრაში. მუსელიანს 10 გოლი აქვს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...
ქუთაისელები მესამე ადგილზე დაბრუნდნენ. ბოლო ტურში ტორპედო ბათუმში დინამოს ხვდება და მესამეზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.
საინტერესოა, რომ შუქურასთან ქუთაისელები თავიდან გოლს გადაურჩნენ. საბა გოგლიჩიძემ საკუთარ საჯარიმოში წაააქცია მიკელ აბანდო და პენალტი თავად აბანდომ დაარტყა, თუმცა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა აუღო.
29-ე წუთიდან კი დაიწყო ტორპედომ და ჯამში 9 უპასუხო გოლი გაუტანა აუტსაიდერ შუქურას. ჰეთ-თრიქი შეასრულა ნიკოლა ნინკოვიჩმა, დუბლი მიითვალეს გიორგი ფანცულაიამ და დავით იმედაძემ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. იმედაძეს 11 წუთი ეყო ორი ბურთის გასატანად.
ასევე ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი არაბიძემაც მიითვალეს გოლები. არაბიძე გუნდის ბომბარდირია 13 გოლით.
როგორც იცით, ქობუელეთელებმა წინა ტურშიც 0:9 წააგეს, სამტრედიასთან...
მოქმედი ჩემპიონისა და შარშანდელი ჩემპიონის დაპირისპირებაში 8 გოლი გავიდა. დინამო თბილისმა 6:2 მოუგო დინამო ბათუმს.
არადა თავიდან ბათუმელებმა გაიტანეს სწრაფი გოლი: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა ირაკლი ბიძინაშვილის ლამაზი პასი გამოიყენა. ეს ჯოვინოს მე-17 გოლია.
თუმცა ამას მოჰყვა თბილისელთა ზედიზედ 5 გოლი 26-წუთიან მონაკვეთში. ჯერ საბა ხვადაგიანმა გაათანაბრა, მერე ბათუმელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი შეცდა და ავტოგოლი გამოუვიდა; შემდეგ ზორან მარუშიჩმა, გიორგი ხარაიშვილმა და დავით სხირტლაძემაც შესძლეს გატანა... საინტერესოა, რომ ლაშა ოდიშარიამ სამი საგოლე პასი გააკეთა.
ტაიმი მაინც ბათუმელთა გოლით დამთავრდა, კერძოდ, ალექსანდერ იაკობსენმა შორიდან გაიტანა.
მეორე ნახევარში კი მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა: უსმანე კამარას მე-14 გოლი სეზონში. 16 გოლი აქვს მარუშიჩს და ერთით ჩამორჩება ჯოვინოს...