კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. სამტრედიამ კვლავ მოიგო, ამჯერად მოქმედ ჩემპიონ დინამო თბილისს სძლია; ქუთაისის ტორპედომ კი გორში დილას აჯობა... ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო.
სამტრედიამ კარგი სერია გააგრძელა, ბოლო ექვს მატჩში ხუთი მოგება მოუგროვდა და ერთი ფრედ დაასრულა. თანაც, სამტრედიელებმა ამჯერად მოქმედ ჩემპიონს სძლიეს - 3:1.
თავის მხრივ, დინამო თბილისის 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. ანდრეს კარასკოს პირველი წაგება დინამოელთა მთავარი მწვრთნელის რანგში.
სამტრედია ზვიად ნაჭყებიას სწრაფი გოლით დაწინაურდა. ეს ნაჭყებიას მეშვიდე გოლია სეზონში.
მეორე ნახევარში დინამომ გაათააბრა: კუთხურს მოჰყვა საბა ხვადაგიანის თავური, ალექსანდრე კალანდაძემ კი მიმართულება შეუცვალა ბურთს და 1:1.
ხუთ წუთში სამტრედიელები ისევ წინ გავიდნენ, ამჯერად ჩრდილომაკედონიელმა ალექსანდარ მიშოვმა მოახერხა გრძელი პასის დამორჩილება და კარგად შეასრულა. მიშოვმა მეოთხე გოლი გაიტა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ეს ბოლო ხუთ ტურში მოახერხა - 2:1.
მე-80 წუთზე კი შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ ახლო კუთხეში გაუტანა გიორგი ლორიას და 3:1.
მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხა დინამო თბილისმა სხვაობის შემცირება, ანზორ მექვაბიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაარტყა - 3:2.
ქუთაისის ტორპედომ ამჯერად გორში დილასთან მოიგო 1:0 და ერთბაშად სამი საფეხურით ზემოთ აინაცვლა: მეექვსედან მესამე ადგილზე.
მეორე წრის მერე ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ტორპედო სამეულამდე მიაღწევდა, რადგან ქულებში ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო.
გორში ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა: ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა, რიკოშეტი და 0:1... ეს 28-ე წუთზე მოხდა. არაბიძეს მიმდინარე სეზონში 10 გოლი მოუგროვდა.
მეორე ტაიმში არაბიძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა: ევგენ კუჩერენკომ აუღო.
მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო. როგორც იცით, ნაკრებს უახლოეს პერიოდში ორი საშინაო მატჩი ელის. 12 ოქტომბერს ტაილანდთან ამხანაგური და 15 ოქტომბერს შესარჩევი კვიპროსთან.