კალენდარი

კვირა, 6 ოქტომბერი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

სერიები: დინამო ბათუმმა, თელავმა და სამტრედიამ მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის სამი მატჩი. ლიდერმა დინამო ბათუმმა მეორე ტაიმში გატეხა ქუთაისის ტორპედო და სამი ქულა მიითვალა. კვლავ მოიგეს თავიანთი თამაშები თელავმა და სამტრედიამ, რომლებსაც მშვენიერი სერია აქვთ...

თელავი 2:1 დილა 

თელავმა ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის დილას აჯობეს.

თავიდან დილა დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე მიითვალეს: კლასიკური კონტრშტევა, ბოლოს თორნიკე მორჩილაძის პასი და გურამ გოშთელიანის გოლი - 2:1.

თელავი მეშვიდე ადგილზე რჩება, დილა კი მეოთხეზეა. 

სამგურალი 0:3 სამტრედია 

სამტრედიამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს სამგურალს...

სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.

მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.

სამტრედიაზე დავწერეთ, სამგურალი კი მეხუთე ადგილზეა.   

ტორპედო 0:3 დინამო ბთ 

დინამო ბათუმმა ქუთაისში მოიგო ტორპედოსთან და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ დინამო თბილისს საბურთალოსთან სათამაშო აქვს.

ბათუმელებმა ტორპედოს სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.

ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.

მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.

ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ ტორპედო-დინამო ბათუმის ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.