კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

დინამოების დაპირისპირება და 2:2; თელავმა და დილამ მოიგეს

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური. დღეს სამი მატჩი გაიმართა. დინამოების დაპირისპირება ბათუმში ფრედ 2:2 მორჩა, ანუ სხვაობა ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის 7 ქულა დარჩა; გორის დილამ ცუდი სერია შეწყვიტა და სამგურალს 2:0 აჯობა; თელავმა კი მორიგი თამაში მოიგო: ამჯერად საბურთალოსთან 1:0...

დინამო ბთ 2:2 დინამო თბ 

დინამოების დაპირისპირებაში ოთხი გოლი გავიდა. ფრე 2:2 და შესაბამისად, ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა არ შეცვლილა: ისევ 7 ქულაა. ბათუმელები ჯერ იგებდნენ, მერე აგებდნენ და საბოლოოდ მოახერხეს გათანაბრება.

სწრაფი გოლი ვნახეთ. პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტი დარტყმა... ეს მამუჩაშვილის მე-11 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ტაიმის ბოლოს კი ესპანელმა მცველმა ენრიკე კადეტემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი გასროლით მშვენიერი გოლი გაიტანა. კადეტეს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და გოლით აღნიშნა. ესპანელი ავსტრალიური მელბურნ ვიქტორიდან გადავიდა დინამო თბილისში.

52-ე წუთზე თბილისელები წინ გავიდნენ. ოსეი ბარნსმა ცენტრში წაართვა ბურთი მეტოქეს, ამას მოჰყვა დავით სხირტლაძის დაფარული პასი და გიორგი ხარაიშვილმა პირისპირ გასვლისას გაუტანა როინ კვასხვაძეს - 1:2.

მეორე ტაიმის შუაში ბათუმელებმა პენალტის უფლება მოიპოვეს (ღუდუშაური წააქციეს). პენალტი მამუჩაშვილმა დაარტყა და გიორგი ლორიამ მოიგერია. გიორგისგან ასხლეტით ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ჯოვინო ფლამარიონმა თავით სცადა გატანა და... ისევ ლორია.

ბათუმელებმა მაინც გაიტანეს: 73-ე წუთი, ცოტნე ფაცაციას პასი და პაატა ღუდუშაურის დაბალ კუთხეში დარტყმა - 2:2.     

დილა 2:0 სამგურალი

გორელებმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და მეოთხე ადგილზე გადავიდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ვანდერსონმა უძლიერესი დარტყმით გაიტანა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მიშიკო სარდალიშვილმა თავით დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს - 2:0.

სარდალიშვილისთვის ეს მეცხრე გოლია სეზონში, აქედან ექვსი შუქურაში მიითვალა.

დილამ ორი ქულით გაუსწრო სამგურალს.

საბურთალო 0:1 თელავი 

თელაველებმა ბოლო შვიდი მატჩიდან ხუთი მოიგეს და მეშვიდე ადგილზე არიან. საბურთალოს პირიქით, ცუდი სერია აქვს და ბოლო ხუთი მატჩიდან სამი წააგო.

ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ გაიტანა პენალტით.

საბურთალო მესამე პოზიციაზე დარჩა, თუმცა უკვე 11 ქულით ჩამორჩა ლიდერ დინამო ბათუმს.