კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

დაძაბული მატჩი თელავში; დილას მოგება შუქურასთან

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ორი მატჩი. ჯამში 10 გოლი გავიდა. თელავმა შინ 2:2 ითამაშა დინამო თბილისთან, გორის დილამ კი 5:1 სძლია ქობულეთის შუქურას.  

თელავი 2:2 დინამო თბ 

დაძაბული თამაში გამოდგა. თელავს ამ ტურამდე ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა, დინამოელებს კი - ორი. 

მე-20 წუთზე თელაველთა ჰაიტელმა შემტევმა ჟონელ დეზირემ ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს ჰაიტელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ცხრა წუტში კი დინამომ გიორგი ხარაიშვილის პენალტით გაათანაბრა - 1:1. 

მეორე ნახევარში ლამაზი გოლები ვნახეთ. ორივე ინდივიდუალური, სოლო-შესრულებით. ჯერ თელავის შემტევმა ირაკლი რუხაძემ გაიტანა, 82-ე წუთზე კი დინამოს კოტდივუარელმა მუსა-ბაბა სანგარემ გაათანაბრა - 2:2. სანგარესთვისაც სადებიუტო გოლია საქართველოში, ისევე როგორც დეზირესთვის.  

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი თელავმა პენალტი ვერ გაიტანა: ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია...

არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ამ მატჩში ორივე პენალტი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა. 

დილა 5:1 შუქურა 

გორის დილამ ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას. დილამ ირაკლი მოდებაძის ხელმძღვანელობით ითამაშა: მოდებაძე ანდრი დემჩენკოს თანაშემწე გახლდათ, დემჩენკო კი როგორც იცით, დინამო ბათუმს გაწვრთნის. 

გორელები მე-9 წუთზე უკვე ფორით იგებდნენ. გიორგი გაფრინდაშვილმა ჯერ თავად გაიტანა მაღალ კუთხეში დარტყმით, მერე კი ჟან ვიქტორს გაუკეთა საგოლე პასი. პირველ ტაიმში დილამ 3:0 გახადა ანგარიში, როცა მიშიკო სარდალიშვილის დარტყმული ბურთი შუქურას ფეხბურთელ ლაშა კვარაცხელიას მოხვდა და ავტოგოლი გავიდა. 

მეორე ნახევარში დილადან ორივე გოლი მიკოლა კოვტალიუკმა მიითვალა, ხოლო შუქურადან გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა თავურით. საბოლოოდ 5:1.   

შუქურაზე დავწერეთ, დილა კი ცხრილში მეოთხეა, თუმცა ერთი თამაში მარაგში აქვს და პოტენციურად (დაკარგული ქულები რომ ავიღოთ) მეორე საფეხურზეა.