2023 წლის 10 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის შესახებ იმსჯელეს, კერძოდ 2023 წლის 05 მაისს ეროვნული ლიგის ეგიდით ს.კ. ბათუმის „დინამოსა“ და ს.კ. გორის „დილას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები განიხილეს.
სხდომაზე განხილული იქნა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მსაჯისა და მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები. კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შემდეგ დაადგინა რიგი დარღვევების, მათ შორის - მატჩის მიმდინარეობისას ტექნიკურ ზონაში იმყოფებოდა გარეშე პირი (ტექნიკურ ზონაში ყოფნის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ პირებს რომლებიც შეყვანილი არიან მატჩის ოქმში), კერძოდ, ს.კ. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე, რომელსაც კომიტეტის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა სტადიონზე შესვლის უფლება.
კომიტეტს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოების არსებობა ადასტურებს სადისციპლინო კომიტეტის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სანქციის დარღვევას, როგორც არჩილ ბერიძის მხრიდან (აკრძალვის მიუხედავად, იგი იმყოფებოდა სტადიონის ტერიტორიაზე), ასევე საფეხბურთო კლუბის მხრიდან (კლუბმა ტექნიკურ ზონაში დაუშვა პირი, რომელიც არ იყო განაცხადში და ამასთანავე აკრძალული ჰქონდა სტადიონის ტერიტორიაზე ყოფნა).
ასევე, სკ. ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა, პაატა ღუდუშაურმა მეტოქის მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ამავე კლუბის გულშემატკივრები მატჩის ოფიციალური პირების მისამართით სკანდირებდნენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, მატჩის მიმდინარეობისას ორ შემთხვევაში შევიდნენ მინდორზე, ისროლეს საგნები მოედნის მიმართულებით.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
• ბათუმის დინამო მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრება ფულადი ჯარიმა - შვიდი ათასი ლარის ოდენობით.
• ბათუმის დინამოს ფეხბურთელი, პაატა ღუდუშაური დაისაჯა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდა ორასი ლარის ოდენობით.
სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს 2023 წლის 30 აპრილს ეროვნული ლიგის ეგიდით ს.კ. „გაგრასა“ და ს.კ. „თელავს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები.
საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ფაქტების შესწავლის საფუძველზე, კომიტეტმა დაადგინა, რომ მიმდინარეობისას, ს.კ. „თელავის“ გულშემატკივრები (ფან-კლუბი) მატჩის ოფიციალური პირის მისამართით სკანდირებდნენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ასევე გულშემატკივრებმა გამოიყენეს პიროტექნიკური ნაკეთობა (სროლის გარეშე).
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
• საფეხბურთო კლუბი თელავი დაჯარიმდა ხუთი ათას სამასი ლარის ოდენობით.
10 მაისს გამართულ სხდომაზე, სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 2023 წლის 06 მაისს ეროვნული ლიგის ეგიდით ს.კ. ქობულეთის „შუქურასა“ და ს.კ. თბილისის „საბურთალოს“ შორის გამართული მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტების შესახებაც იმსჯელა.
კომიტეტმა, ფაქტების შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ ქობულეთის „შუქურას“ მიერ შეჯიბრების დებულების შესაბამისად არ იყო უზრუნველყოფილი მატჩის ჩატარების პირობები, რის გამოც, მატჩი დაიწყო დაგვიანებით.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
• საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურა დაჯარიმდა ათასი ლარის ოდენობით.