კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. ოთხი მატჩი გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, თანაც ამჯერად დინამო თბილისს სძლია. დინამო ბათუმმა სამტრედიაში იმარჯვა, კიდევ ორი შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა...
გაგრასა და ტორპედოს დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში გაფრთხილებაც არ ყოფილა. საგოლე მომენტები კი ვნახეთ, მაგრამ საბოლოოდ 0:0.
გაგრასთვის ეს ზედიზედ მესამე ფრეა. გუნდი მეშვიდე ადგილზეა. ტორპედო კი მეექვსეზეა.
ტორპედოს ამ შეხვედრაში სპორტული დირექტორი ლაშა დვალიშვილი გაუძღვა, თუმცა ის დროებითაა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი. კლუბმა განაცხადა, რომ ეს ცაიტნოტური მდგომარეობის გამო მოხდა და უახლოეს დღეებში ახალი მწვრთნელი დაინიშნება.
წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო: ჩემპიონ დინამო თბილისსაც სძლია - 2:1.
მე-11 წუთზე დინამო 10 კაცით დარჩა, რადგან არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე მეკარე ლუკა კუტალაძე გააძევა: ბოლო იმედის ჯარიმისთვის.
სამგურალი პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა ნიკა ხორხელის შორიდან გატანილი ლამაზი გოლით. ეს ნიკას მეოთხე გოლია სეზონში.
შესვენების წინ, ყრუაშვილმა დინამოელთა მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გააძევა...
მეორე ტაიმში დინამომ შეუტია და კაცნაკლულმა მაინც შესძლო გათანაბრება: კარგი კომბინაცია ულად-ომარ იმრანმა დაასრულა ძლიერი დარტყმით - 1:1.
78-ე წუთზე კი ლადო ჩიხრაძემ გაიტანა ლუკა ხორხელის პასით. აქაც კარგი გათამაშება ვნახეთ. ეს ჩიხრაძის მეხუთე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში და ხუთივეჯერ შეცვლაზე შესვლისას... სამგურალმა მოიგო.
დინამო ბათუმი და სამგურალი კვლავაც პირველ-მეორე ადგილზე არიან თანაბარი ქულებით. ბათუმელები ბურთების შეფარდებით არიან წინ. დინამო თბილისი კი მესამეზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერებს.
ბათუმელებმა სტუმრად სძლიეს სამტრედიას. სწრაფი გოლი გავიდა, კერძოდ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ახლოდან ზუსტად დაარტყა მუსა კონატეს პასის შემდეგ - 0:1.
სამტრედია უშანსოდ არ იყო და მეორე ტაიმში მათე აბულაძემ თავურით გაათანაბრა ანგარიში. ეს აბულაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
74-ე წუთზე კი კონატემ იპოვნა სივრცე, საკმაო მანძილი დაფარა და საჯარიმოს მისადგომებიდან მაღალ კუთხეში დაარტყა - 1:2.
ბათუმელები პირველ ადგილზე არიან, სამტრედია კი ბოლოზეა...
თელაველებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, შუქურას კი - ზედიზედ 5 წაგება. სერიები გაგრძელდა, რადგან ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა. ფრე - 0:0.
თელავის მწვრთნელის რანგში კვლავ მოგვევლინა გიორგი მიქაძე. ის ადრეც თავკაცობდა კახეთის გუნდს. ისე კი, თელავს წლეულს უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავს: მიქაძემდე იყვნენ გიორგი ცეცაძე და ვარდან მინასიანი.
თელავი, შუქურა და სამტრედია გამოიკვეთნენ ცხრილის ქვედა ნაწილში.