დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური. რა მოხდა დარჩენილ სამ მატჩში? დინამო ბათუმმა ლიდერობა გაიმყარა, წყალტუბის სამგურალმა ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა, ხოლო სამტრედიამ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
აჭარულ დერბიში ბათუმელებმა სამი ქულა აიღეს. ჯოვინო ფლამარიონმა პირველი ტაიმის ბოლოს მშვენიერი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. 7 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ბომბარდირთა დავაში პირველია. შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წინა სეზონში სწორედ ბრაზილიელი გახდა საუკეთესო მეგოლე.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა შუქურამ პენალტით გაათანაბრა. ბანტუ მზვაკალზე წესები დაარღვიეს და ცოტნე ფაცაციამ პენალტი გამოიყენა - 1:1.
ბათუმელები 68-ე წუთზე გავიდნენ წინ. პაატა ღუდუშაურმა ვლადიმერ მამუჩაშვილს გააყოლა პასი, რომლის ჩაწოდებულზე გიორგი ზარიამ ითამაშა თავურით და 1:2. ბოლოს კი კონტრშეტევაზე ღუდუშაურმა თორნიკე კაპანაძე მოძებნა და მანაც ზუსტად დაარტყა კარგი პოზიციიდან - 1:3.
დინამო ბათუმი 4-ქულიანი ფორით ლიდერობს, ხოლო შუქურა ბოლოსწინა ადგილზეა.
წყალტუბოელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს. სამგურალის ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ პირველ ტაიმში პენალტი ააცილა, მაგრამ მეორეში მაინც გაიტანა (აღმოჩნდა, რომ გადამწყვეტი). ომარ პატარკაციშვილმა თავით დაუგდო ბურთი და ნიქაბაძემაც ახლო მანძილიდან შესძლო ზუსტად დარტყმა.
გაგრა მეშვიდე ადგილზე დარჩა. გუნდს წინა ორი ტური მოგებული ჰქონდა...
სამტრედიამ პირველ ტურში თელავს სძლია და მას შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, ახლა კი ისევ თელავთან გატეხა ნავსი. მატჩი სრულდებოდა, მსაჯის მიერ დამატებული მეხუთე წუთი იყო, როცა სამტრედიელთა ნახევარმცველმა აბდულა ხაიბულაევმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი - 0:1.
ეს ხაიბულაევის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
თელავი ბოლო ადგილზეა 6 ქულით, ხოლო სამტრედია მერვეზეა 7 ქულით...