კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

დაიძაბა... დინამოებს შორის სხვაობა ერთი ქულაღაა; ტორპედო უკვე მესამეა; საბურთალომ თელავში მოიგო

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტური, ანუ მესამე წრე. დღეს 4 მატჩი გაიმართა. ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.

ტორპედო 1:0 დინამო ბთ 

ქუთაისის ტორპედომ მერაბ გიგაურის გოლით სძლია დინამო ბათუმს. ეს გიგაურის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ქუთაისელებმა ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ტორპედო უკვე მესამე ადგილზეა...

რაც შეეხება დინამო ბათუმს, ლიდერად რჩება, თუმცა ზაფხულის შესვენებისას 9 ქულით უსწრებდა დინამო თბილისს, ახლა კი სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.

ლოკომოტივი 2:2 სიონი 

აუტსაიდერი თბილისის ლოკომოტივი ორჯერ უგებდა ბოლნისის სიონს, მაგრამ მატჩი საბოლოოდ 2:2 დასრულდა.

ლოკო თორნიკე ძებნიაურის პენალტით დაწინაურდა. ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. მეორე ნახევარში კი ნიკა ხორხელმა გაათანაბრა და სეზონში 8 გოლი მოუგროვდა.

ერთ წუთში ლოკომოტივი ისევ წინ გავიდა: ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა და ეს მისი მეოთხე გოლია ბოლო ოთხ შეხვედრაში. 68-ე წუთზე კი სიონის ნახევარმცველმა ივან ფოცხვერიამ პენალტით გაათანაბრა - 2:2.

სიონი მერვე ადგილზეა და ცდილობს, რომ პლეიოფს ასცდეს.

გაგრა 0:1 დინამო თბ 

დინამო თბილისმა ანზორ მექვაბიშვილის გატანილი საჯარიმო დარტყმით სძლია გაგრას. გოლი 50-ე წუთზე გავიდა. ეს მექვაბიშვილის მეოთხე გოლია სეზონში და აქედან ორი გაგრას გაუტანა.

დინამოელები მე-6 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ თორნიკე კირკიტაძის გაძევების გამო. 74-ე წუთზე გაგრასაც გაუძევეს ფეხბურთელი - ლუკა ნოზაძე.

დინამო თბილისმა ზედიზედ 7-ჯერ იმარჯვა, მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმელებს, ხოლო გაგრა მეცხრეზეა: გაგრას 6 ტურია არ მოუგია.

თელავი 0:3 საბურთალო 

საბურთალომ თელავს გასვლაზე 3:0 მოუგო. სამივე გოლი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა გაიტანეს. გიორგი გოჩოლეიშვილმა გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი გიორგი გულიაშვილმა და შოთა ნონიკაშვილმაც დაამატეს. სამივე გოლი ცხრიანში გავიდა.

თელაველები 33-ე წუთიდან 10 კაცით იყვნენ მინდორზე: რაფაელ ჩუკვურა გააძევეს. იმ დროს ანგარიში 0:1 იყო.

საბურთალო მეექვსე ადგილზეა, თელავი კი - მეშვიდეზე. მათ შორის სხვაობა 8 ქულაა. თელავს 8 ტურია არ მოუგია.