კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ორივე დინამომ დამაჯერებლად მოიგო; საბურთალომ სამგურალს სძლია

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სამი მატჩი და სამივე მასპინძლებმა მოიგეს. ორივე დინამომ იმარჯვა და ასევე, საბურთალომ სძლია სამგურალს.

დინამო თბ 5:1 ტორპედო 

დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს 5:1 მოუგო. გიორგი ჭიაბრიშვილმა მეორედ უხელმძღვანელა დინამოელებს და მისმა გუნდმა წინა შეხვედრაშიც 5 გოლი გაიტანა (გაგრასთან). სტანისლავ ბილენკიმ სწრაფი გოლით დააწინაურა თბილისელები, მეორე ნახევრის დასაწყისში ისევ ბილენკიმ გაზარდა სხვაობა, რასაც მოჰყვა თორნიკე კირკიტაძის, უსმანე კამარასა და დავით სხირტლაძის გოლები.

დინამოელები 5:0-ს იგებდნენ და ბოლო წუთზე ლევან მჭედლიძემ ოდნავ შეამცირა სხვაობა.  

დინამო თბილისმა წლეულს სამი მატჩიდან სამივე მოუგო ტორპედოს, თან სამივე დიდი ანგარიშით: 4:0, 3:0, 5:1.

ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა მეორე ადგილი გაიმყარეს. 4 ქულით უსწრებენ მესამეადგილოსანს, თუმცა ლიდერ ბათუმელებს 6 ქულით ჩამორჩებიან. ტორპედო კი მეშვიდეზეა.

დინამო ბათუმი 3:0 სიონი 

მოქმედმა ჩემპიონმა და ამ სეზონის ლიდერმა 3:0 სძლია ბოლნისის სიონს, რომელიც მერვე ადგილზეა. ბათუმელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ჯერ ზურიკო დავითაშვილმა გახსნა ანგარიში, ბოლოს კი ორწუთიან მონაკვეთში ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა.

ფლამარიონს 13 გოლი მოუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა სიას. მეორეზე საბურთალოელი ირაკლი სიხარულიძეა 9 გოლით.

დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით 10:0.

საბურთალო 3:1 სამგურალი 

საბურთალომ 3:1 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. გიორგი გოჩოლეიშვილმა სწრაფი გოლით დააწინაურა საბურთალო, რასაც პირველი ტაიმის შუაში სტუმართა ნახევარმცველ ჯეფერსონ ჯერალდოს გოლი მოჰყვა. 87-ე წუთამდე 1:1 იყო, მერე კი თბილისელთა ხორვატმა ლეგიონერმა ბენედიკ მიოჩიმ გაიტანა, ხოლო საბურთალოდან მესამე გოლი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა.

სხვათა შორის, საბურთალომ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, ხოლო სამგურალი პირიქით, ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

წყალტუბოელები მეოთხე ადგილზე არიან, ხოლო საბურთალო მეხუთეზეა. მათ შორის სხვაობა 4 ქულაა.

ტური 26 ივნისს დამთავრდება:

ლოკომოტივი - თელავი