კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

მე-10 ტური: ინციდენტი ქუთაისში, ბათუმელთა სერიის შეწყვეტა ბოლნისში

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩები. მოულოდნელი შედეგები ვიხილეთ, რადგან ვერც ლიდერმა მოიგო და ვერც მეორეადგილოსანმა. დიდი ანგარიშებიც დაფიქსირდა... და კიდევ: ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება, მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ტორპედო-დინამო თბილისი 

შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა.

შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი დარტყმით გიორგი გაბედავამ გახსნა, შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კირკიტაძემ ტაბლოზე - 0:2 დააფიქსირა, ხოლო მატჩის მიწურულს - ირაკლი ბუღრიძემ სხვაობის შემცირება მინიმუმამდე შეძლო - 1:2. ზემო აღნიშნულ ფაქტებს, ადგილი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთებზე ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მატჩის შეწყვეტა გამოიწვია.

გაგრა 1:0 დილა 

გაგრამ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ისევ ფავორიტთან. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილებმა გორის დილას 1:0 სძლიეს, ეს ერთადერთი გოლი კი მათე კვირკვიამ გაიტანა.

შეგახსენებთ, წინა ტურში გაგრამ ასევე 1:0 გაიმარჯვა თბილისის დინამოსთან და მაშინაც კვირკვიამ გაიტანა.

გაგრა ცხრილის შუაშია, ხოლო დილა მეორეზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმის დინამოს.

სამგურალი 3:0 საბურთალო 

სამგურალმა წყალტუბოში 3:0 მოუგო საბურთალოს. 75-ე წუთამდე 0:0 იყო. ანგარიში გრიგოლ დოლიძემ გახსნა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის ამ სეზონში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 39 წლის გახლავთ. შემდეგ დემურ ჩიხლაძემ მეორე გოლი გაიტანა და ბოლოს ლევან ქურდაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ დოლიძე და ჩიხლაძე შეცვლაზე შევიდნენ.

სხვათა შორის, შეხვედრის დასაწყისში, მე-6 წუთზე საბურთალომ პენალტი ვერ გამოიყენა. ირაკლი სიხარულიძის დარტყმული ბურთი ლევან შოვნაძემ მოიგერია.

სიონი 1:1 დინამო ბათუმი 

ბათუმელთა ხუთმატჩიანი მოგებათა სერია ბოლნისში შეწყდა - 1:1. მოქმედი ჩემპიონი ირაკლი ბიძინაშვილის გოლით იგებდა, 82-ე წუთზე კი თომა ტაბატაძემ გაათანაბრა.

პირველ ტაიმში ბათუმის დინამოს მწვრთნელ გუა გეგუჩაძეს ორი იძულებითი ცვლილება მოუწია: ჯოვინო ფლამარიონსა და ხვიჩა კვარაცხელიას ფეხი ეტკინათ, თამაში ვერ გააგრძელეს.   

ბათუმის დინამო ლიდერია და 4 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან დილას, ხოლო სიონი ბოლოსწინაზეა, მაგრამ ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია: 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

თელავი 5:0 ლოკომოტივი

თელავმა შინ 5:0 მოუგო უქულო ლოკომოტივს. ორი გოლი იმედა აშორტიამ გაიტანა, თითო გოლი კი გურამ გოშთელიანმა და ბიძინა მახარობლიძემ მიამატეს. მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბურთი გავიდა: ლაშა ქოჩლაძის დარტყმული ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე ლოკომოტიველთა მეკარე სოსო კოპალიანს და ასე შევარდა კარში.

საინტერესოა, რომ აშორტიასთვის, გოშთელიანისთვის და მახარობლიძისთვის ეს სადებიუტო გოლები იყო სეზონში.