კალენდარი

კვირა, 6 ოქტომბერი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

ქართული დერბი დინამომ ნიდერლანდელის ერთადერთი გოლით მოიგო

  •  შუქურა 0:2 ბათუმის დინამო

დღეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის ხუთივე შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღის პირველ მატჩს ფოთმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს აჭარულ დერბიში შუქურა და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. 

ანგარიში შეხვედრაში თორნიკე გაფრინდაშვილმა მატჩის 65-ე წუთზე გახსნა,  მეორე გოლი კი თამაშის მიწურულს ირაკლი აზაროვმა ძალიან ეფექტური დარტყმით გაიტანა. 

29 ტურის შემდეგ შუქურას 25 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. ბათუმელები კი 63 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

  • თელავი 2:1 ლოკომოტივი

ძალიან მნიშვნელოვანი ქულები აიღო თელავმა დღეს ლოკომოტივთან დაპირისპირებაში. გიორგი მიქაძის გუნდმა დედაქალაქელებს პირველივე ტაიმში გაუტანა ორი გოლი. დუბლი ვაჟა ფაცაციამ შეასრულა. მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ანგარიშში სხვაობა თეიმურაზ შონიამ შეამცირა. 

ამ დროისთვის თელავს 32 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. ლოკომოტივი კი 44 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. 

  • საბურთალო 2:1 სამგურალი

იმის მიუხედავად, რომ წყალტუბოს სამგურალისთვის საბურთალოსთან მატჩი იდეალურად დაიწყო, დედაქალაქელებმა მაინც მოახერხეს საჭირო სამი ქულის მოპოვება. შეხვედრის მე-5 წუთზე წყალტუბოელები სერგი კუხიანიძემ დააწინაურა. ამ ანგარიშის შენარჩუნება სოსო ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმამდე შეძლო.

48-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 71-ე წუთზე კი სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად იური ტაბატაძემ გაიტანა, რაც საბურთალოსთვის სამი ქულის მომტანი გამოდგა. 

29 ტურის შემდეგ საბურთალო 49 ქულით მე-3 პოზიციას ინარჩუნებს. სამგურალი კი 36 ქულით მე-6 ადგილზეა.

  • დილა 3:1 სამტრედია

წინა ტურში აუტსაიდერ შუქურასთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ დილამ ამ ტურში ერთგვარი რეაბილიტირება მოახერხა აუტსაიდერ სამტრედიას დამარცხებით - 3:1. მასპინძელთა მხრიდან გოლები ნიკა გაგნიძემ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა საკუთარ აქტივში დუბლი მიითვალა. ერთადერთი გოლი სამტრედიელთა მხრდან გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის გორის დილა 47 ქულით  სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. სამტრედია კი 16 ქულით ბოლოზე.

  • დინამო თბილისი 1:0 ტორპედო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დღევანდელი სათამაშო დღე ყველაზე ძველი ქართული დაპირისპირებით დასრულდა. დინამო თბილისმა საკუთარ არენაზე ქუთაისის ტორპედო მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერეთადერთი და სამი ქულის მომტანი გოლი მასპინძელთა ნიდერლანდელმა ლეგიონერმა, ფაბიან სპორკსლედემ მატჩის მე-7 წუთზე გაიტანა. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა შეძლეს, მაგრამ რეალიზება ვერა. უშანსოდ არც ტორპედო გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა დინამოელთა კარში არ გამოუვიდა.

დინამოს წინააღმდეგ შეხვედრაში  დებიუტი ჰქონდა ქუთაისელთა ახალწვეულს ლევან მჭედლიძეს, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა შეცვლაზე შეიყვანა და მოედანზე სულ რამდენიმე წუთი დაჰყო. 

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დინამო თბილისი სატურნირო ცხრილში 56 ქულით მეორე ადგილზეა. ქუთაისის ტორპედო კი 26 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება.

ფოტო: დინამო თბილისი