კალენდარი

შაბათი, 2 ნოემბერი

პარასკევი, 8 ნოემბერი

შაბათი, 9 ნოემბერი

კვირა, 10 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ახალი ამბები

დინამომ სამგურალს ისევ ვერ მოუგო, ბათუმის დინამომ ქულათა სხვაობა 7-მდე გაზარდა

  • სამგურალი 2:2 დინამო თბილისი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის  28-ე ტურში წყალტუბოს სამგურალმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისს უმასპინძლა და ქულები ამჯერადაც წაართვა. მასპინძლებმა ანგარიში მატჩის პირველივე წუთზე თერრთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. პრიეტოს კარი სერგო კუხიანიძემ აიღო და სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ათამდე გაზარდა. 

გაშვებული გოლის მიუხედავად დინამოელებმა მალევე შეძლეს მობილიზება და შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეს ორი უპასუხო გოლიც გაუტანეს. მე-12 წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გაათანაბრა, ხოლო ოსეიმ 29-ე წუთზე დინამო წინ გაიყვანა.

იმის მიუხედავად, რომ დარჩენილ დროში  რამდენიმე რეალურად სახიფათო მომენტი შეიქმნა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კარში, მხოლოდ ერთის რეალიზება მოხდა. 73-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა სამგურალის შემადგენლობაში და გუნდს ქულის აღებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ორი ფრედ დასრულდა, ხოლო ორში წყალტუბოელებმა იმარჯვეს. 

28 ტურის შემდეგ სამგურალს 36 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, დინამო თბილისი კი 53 ქულით მეორე ადგილზეა.

  • შუქურა 4:0 დილა

მოულოდნელი შედეგით დასრულდა შეხვედრა შუქურასა და გორის დილას შორის. აუტსაიდერებმა სტუმრები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს. შუქურამ დილას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მასპინძელთაგან გოლები ლევან ინგოროყვამ, მიშიკო სარდალიშვილმა, ირაკლი კომახიძემ და ზურაბ მუსელიანმა გაიტანეს. 

28 ტურის შემდეგ შუქურას 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს, გორის დილა კი 44 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

  • სამტრედია 0:2 თელავი

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თელავმა ბოლოადგილოსან სამტრედიასთან დაპირისპირებაში. გიორგი მიქაძის გუნდმა იმერლები 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უკიდურესად გაურთულეს. სამი ქულის ბედი თელავმა შეხვედრის პირველივე ნახევარში გადაწყვიტა. გოლები ლაშა შერგელაშვილმა და ანტონ თოლორდავამ გაიტანეს. 

ამ დროისთვის სამტრედია 16 ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება, ხოლო თელავმა 29 ქულით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.

  • ლოკომოტივი 3:2 საბურთალო

დაძაბული და დრამატული გამოდგა დედაქალაქური დერბი, რომელიც ლოკომოტივსა და საბურთალოს შორის შედგა. შეხვედრის პირველი ნახევარი, რომელიც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მასპინძლების გამარჯვებით დასულდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა და ლოკომოტივი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რასაც კიდევ ორი გატანილი გოლი მოჰყვა. თეიმურაზ შონიას და მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლების სემდეგ ლოკომოტივის უპირატესობა სოლიდური გახდა.

სიტუაცია მატჩის მიწურულისკენ დაიძაბა, როცა საბურთალომ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო და ქულის აღების შანსი გაუჩნდა. 87-ე წუთზე მანდრიჩენკომ გაუტანა მასპინძლებს, ხოლო დამატებულ დროში მალიმ სხვაობა შეამცირა. მიუხედავად საბურთალოს მხრიდან განხორციელებული შტურმისა დარჩენილი წუთები ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ გამარჯვებით ლოკომოტივმა საკუთარ აქტივში 44 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზეა. საბურთალო კი 46 ქულით კვლავ ინარჩუნებს მესამე ადგილს.

  • ბათუმის დინამო 3:1 ტორპედო

გამარჯვებით დაასრულა ტურის ბოლო დაპირისპირება გათამაშების ლიდერმა. ბათუმის დინამომ ტორპედო დაამარცხა 3:1 და დინამო თბილისის მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა.

ქუთაისელებთან დაპირისპირებაში მასპინძლები შეხვედრის მე-10 წუთზე გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა. მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ტორპედომ  ბაქარ მირცხულავას  გოლით ანგარიში გაათანაბრა და ინტრიგა დააბრუნა. 

61-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ საჯარიმო დარტყმით ბათუმი ისევ წინ გაიყვანა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ზარიამ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.

28 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 60 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ტორპედოს კი 26 ქულა რჩება და მე-8 პოზიციას იკავებს.