ახალი ამბები

დინამომ სამგურალს სეზონში მესამე თამაში ვერ მოუგო

დინამო თბილისი 1:2  სამგურალი

კრიტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. თბილისის დინამომ მთავარი კონკურენტის ქულების დაკარგვა ვერ გამოიყენა. დედაქალაქელებმა წყალტუბოს სამგურალთან გამართული მატჩი 1:2 წააგეს. პირველი ტაიმის შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი მოქმედ ჩემპიონებს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა. მატჩის პირველივე წუთზე ანგარიში ირაკლი ლექვთაძემ გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე უპირატესობა ორამდე პაპუნა ფონიავამ გაზარდა. 

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი  გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა. რამდენიმე წუთში დედაქალაქელებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. 67-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ლუქმან გილმორი გააძევა. ამის მიუხედავად დარჩენილ დროში დინამომ ანგარიშში კორექტივების შეტანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ სამი ქულაც დაკარგა.

მიმდინარე სეზონში დინამო და სამგურალი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. ორი შეხვედრა იმერლების გამარჯვებით დასრულდა ხოლო ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის თბილისის დინამოს 38 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე პოზიციაზეა. წყალტუბოს სამგურალი კი 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. 

თელავი 2:1 სამტრედია

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა მე-19 ტურში თელავმა, რომელმაც სამტრედიას 2:1 სძლია. თელაველებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. სამტრედიასთან დაპირისპირებაში ანგარიში მასპინძლებმა 56-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილის მიერ გატანილი გოლით შეძლეს. ორ წუთში წონასწორობა გიორგი ილურიძემ აღადგინა, მაგრამ მატჩის კომპენსირებულ დროში თელავმა მაინც შეძლო სამი ქულის მომტანი გოლის გატანა. გამარჯვების გოლი ზაზა ციცქიშვილმა შეაგდო. 

19 ტურის შემდეგ თელავი 15 ქულით მე-9 ადგილზეა, სამტრედია კი 10 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. 

საბურთალო 1:2 ლოკომოტივი

დინამოსთან განცდილი მარცხის შემდეგ თბილისის ლოკომოტივმა მეორე დედაქალაქური დერბი გამარჯვებით დაასრულა. საბურთალოს წინააღმდეგ გამართული მატჩი სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ლოკომოტივმა პირველი გოლი  მეტოქეს  პირველი ტაიმის მიწურულს გაუტანა. გატანილი გოლით თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. მეორე ნახევარი ძირითადად მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა. 46-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ საბურთალოს კიდევ შეექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ გოლის გატანამდე საქმე არ მისულა. 88-ე წუთზე თავისი შანის ლოკომოტივმა გამოიყენა. რატი მჭედლიშვილმა გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.

ამ დროისთვის საბურთალოს აქტივში 31 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი მე-4 ადგილზეა. 33 ქულა აქვს ლოკომოტივს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს.