კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტური დებიუტანტების დაპირისპირებით გაიხსნა. ქობულეთის შუქურამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა სეზონში მეორე გამარჯვება გაიფორმა. წყალტუბოელთა კარში გოლები მიშიკო სარდალიშვილმა და გიორგი ჩელებაძემ (ნიშნულიდან "პანენკათი") გაიტანეს.
მიმდინარე ტურის მეორე შეხვედრა თელავში, კავკასიონი არენაზე თელავსა და თბილისის დინამოს შორის შედგა. მასპინძლები აღნიშნულ დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და დინამოს გოლის გატანის საშუალება არ მისცეს.
დაპირისპირების მეორე ტაიმი კი დედაქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გიორგი ნემსაძის გუნდმა თელაველთა კარში სამი უპასუხო ბურთი შეაგდო. შეხვედრაში ანგარიში 63-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა თავური დარტყმით გახსნა. ხუთ წუთში ორამდე უპირატესობა სტუმრთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ფაბიან სპორკსლედემ გაზარდა, ხოლო მატჩში საბოლოო ანგარიში მილან რადინმა დააფიქსირა. თბილისის დინამომ 10 ქულა დაააგროვა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
უგოლოდ დასრულდა ეროვნული ლიგის სათამაშო დღის ბოლო და ცენტრალური დაპირისპირება საბურთალოსა და ბათუმის დინამოს შორის. გია გეგუჩაძის გუნდმა მოპოვებული ქულის ხარჯზე ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბათუმის დინამო ამ დროისთვის 11 ქულით პირველ ადგილზეა. საბურთალო კი 6 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
ფოტო: (c)ბადრი კეთილაძე