კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

ჩიხურამ თბილისის დინამოს მოუგო, ლიდერებს შორის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა

  • ჩიხურა 2:0 დინამო თბილისი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის პირველი სათამაშო დღის შეხვედრებმა სატურნირო ცხრილი მნიშვნელოვნად შეცვალა. გათამაშების ლიდერი თბილისის დინამო აუტსაიდერ ჩიხურას დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. მთელი მატჩის განმავლობაში საჩხერელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

ანგარიში კი მე-17 წუთზე გახსნეს. კახა კახაბრიშვილის უძლიერესი და ულამაზესი დარტყმის წინაშე როინ კვასხვაძე უძლური აღმოჩნდა. დინამოელები გაშვებული გოლის შემდეგ რა თქმა უნდა ცდილობდნენ სწრაფად ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზების საშუალება დედაქალაქელებს მასპინძელთა დაცვის ხაზმა არ მისცა. საბოლოო წერტილი 85-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ დასვა, რომელმაც დინამოს კარი აიღო და ჩიხურას უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

ფინიშამდე ორი ტურით ადრე ჩიხურას 12 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. დინამო კი 34 ქულით ისევ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა უახლოეს მდევარს ბათუმის დინამოს ახლა მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

  • სამტრედია 1:2 ბათუმის დინამო

დღის პირველი მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც გიორგი მიქაძის გუნდმა ბათუმის დინამო მიიღო. თამაში მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო. 25-ე წუთზე სტუმრებს მოედნიდან მამუკა კობახიძე გაუძევეს, მათ კარში კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ლაშა თოთაძემ გოლად აქცია.

63-ე წუთამდე მასპინძლები კარის მშრალად შენახვას ახერხებდნენ, მაგრამ ბათუმის დინამომ მეტოქეს მაინც გაუტანა. ანგარიში აქტიური თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემით ჯამბულ ჯიღაურმა გაათანაბრა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ბათუმელებს სამი ქულა სჭირდებოდათ, რისთვისაც ათკაციანი შემადგენლობით დარჩენილებმაც ბოლომდე იბრძოლეს. გამარჯვების გოლი გია გეგუჩაძის შეგირდებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს. სამტრედიის კარისკენ დანიშნული სტანდარტული სიტუაცია ვლადიმერ დვალიშვილმა დააგვირგვინა.

მოპოვებული სამი ქულის შემდეგ ბათუმის დინამომ 32 ქულა დააგროვა და ლიდერთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. მეშვიდე ადგილზე მყოფი სამტრედია კი 19 ქულით განაგრძობს ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას.