კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ჩისკომ მოგებით დაიწყო - თბილისის დინამო ერთპიროვნული ლიდერია!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის დინამომ უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქურმა კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით ჩატარებული პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. მოქმედმა ჩემპიონებმა ბათუმის დინამო  3:1 დაამარცხეს.

დაპირისპირება დინამოებს შორის აჭარაში არსებული ეპიდვითარების გამო ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩი თავიდანვე დედაქალაქელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის იდეალური საშუალება ჰქონდა ნოდარ ქავთარაძეს, თუმცა საბოლოოდ მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. 

ჩისკო მუნიოსის გუნდმა პირველი გოლი დაპირისპირების 39-წუთზე გაიტანა. გიორგი გაბედავამ მიხეილ ალავიძის კარი ულამაზესი შორეული დარტყმით აიღო. პირველი ტაიმის მიწურულს უპირატესობა ორამდე ბაქარ ქარდავამ გაზარდა. მის მიერ გატანილი გოლი სილამაზით და შესრულებით პირველის იდენტური გამოვიდა. 

მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა ნომინალური სტუმრები ისევ აგრძელებდნენ ბათუმელთა კარის მიმართულებით აქტიურ შეტევებს, რასაც 52-ე წუთზე მასპინძელთა კარში კიდევ ერთი გატანილი ბურთი მოჰყვა. ამჯერად თავი გიორგი ზარიამ გამოიჩინა. 

შეხვედრის 64-ე წუთზე ბათუმელებს ანგარიშის შემცირების კარგი შანსი გაუჩნდათ, თუმცა ჯამბულ ჯიღაურის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი როინ კვასხვაძემ მოიგერია. მეორე ტაიმის ბოლოსკენ დანიშნული პენალტი კი ზუსტად შეასრულა ვალერიან თევდორაძემ. 

11 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 20 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. თბილისის დინამო კი 22 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.