კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

დინამოს მძიმე გამარჯვება ჩიხურასთან, ტორპედომ ლოკომოტივი დაამარცხა!

  • დინამო 1:0 ჩიხურა
  • მოქმედმა ჩემპიონებმა გიორგი კუხიანიძის გოლით მოიგეს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში თბილისის დინამომ საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. იმის მიუხედავად რომ მასპინძლები ამ დაპირისპირებაში გამოკვეთილ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, სტუმრები თამაშის განმავლობაში უშანსოდ არ გამოიყურებოდნენ. ვახტანგ თურმანიძის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა შეძლო. დინამოს ერთადერთი  და გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის 68-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. დინამოს რვიანმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა, რომელიც გუნდისთვის სამი ქულის მომტანი გამოდგა.

8 ტურის შემდეგ დინამოს 15 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. საჩხერის ჩიხურა კი 5 ქულით მე-9 ადგილზეა.

  • ლოკომოტივი 1:2 ტორპედო

საინტერესო გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი დაპირისპირებაც, რომელშიც ლოკომოტივი ტორპედოს მასპინძლობდა. გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით დედაქალაქური გუნდის პირველი გამარჯვება ისევ გადაიდო. 

ტორპედოს ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ სტარტზე ანგარიშის გახსნა 11-მეტრიანით ვერ მოახერხა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა აჯობა. შესვენებამდე ჯერ  ლოკომოტივი მოედანზე ათკაციანი შემადგენლობით დარჩა, როცა 42-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ორგზის გაფრთხილებული დავით უბილავა გააძევა. მალევე გიორგი ფანცულაიამ მაინც გახსნა ანგარიში - 0:1.

მეორე ტაიმში სტუმართა დებიუტანტი ლუკა ქაფიანიძე გოლით გამოირჩა. ცენტრალურმა მცველმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 

57-ე წუთზე ულად-ომარ იმრანიმ სხვაობა შეამცირა, რამაც თამაშს ინტრიგა დააბრუნა, თუმცა მატჩის შემოტრიალება ლოკომოტივმა ვერ შეძლო. არადა, საამისო შანსი ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა, რომელმაც ვარო არველაძის მოპოვები პენალტი ძელს მოარტყა.

დედაქალაქურ კლუბს ზედიზედ 6 მოუგებელი თამაში დაუგროვდა და ამ დროისთვის 9 ქულით და მეექვსე ადგილზეა. ტორპედოს კი 8 ქულით მერვე პოზიცია უკავია.