კალენდარი

კვირა, 16 აგვისტო

ორშაბათი, 17 აგვისტო

სამშაბათი, 18 აგვისტო

ოთხშაბათი, 19 აგვისტო

შაბათი, 12 სექტემბერი

კვირა, 13 სექტემბერი

ახალი ამბები

31 ივლისიდან გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება

  • გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 31 ივლისიდან შეეძლებათ
  • სტადიონზე დაკავებული ადგილების რაოდენობა საერთო ტევადობის 33%-ს არ უნდა აღემატებოდეს

​​​​​​კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.

სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: "25 ივნისს განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. უკვე მიმდინარეობს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3 და აგვისტოში განახლდება ყველა პროექტი და შეჯიბრი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა 2020 წელს, მათ შორის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება, ქალთა ლიგა.

მოგეხსენებათ, 21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინიციატივით მიმართა საკოორდინაციო საბჭოს, რომ ემსჯელათ მაყურებლის დაშვების საკითხზე. დღეს უკვე გვაქვს პროტოკოლი, რომლის შესაბამისად, 31 ივლისიდან, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს.

პროტოკოლი შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიერ და ჩვენ ამ პროტოკოლზე გვაქვს მორგებული შიდა რეგულაციები, იცით რომ სტადიონის ტევადობის მხოლოდ 33 პროცენტი იქნება ნებადართული, იმის გათვალისწინებით, რომ მაყურებლებს შორის გარკვეული დისტანცია იქნას დაცული და შესაბამისად ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციამაც უკვე გავუგზავნეთ კლუბებს რეგულაციები. სტადიონს, რომლის ტევადობა არ აღემატება 2500 მაყურებელს, სტუმარ გუნდს შეუძლია 30 ადამიანისგან დაკომპლექტებული ფანკლუბით ეწვიოს. სტადიონი კი, რომელიც აღემატება 2500-ს მაყურებელს, იქ უკვე წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია 50-დან 100-მდე ფანკლუბის წევრის დასწრება.

კლუბები ინფორმირებულები არიან პროტოკოლთან დაკავშირებით, პირველი ასეთი თამაში იქნება თელავში, ერთ-ერთი მოთხოვნა არის თერმოსკრინინგი და მრავალი სხვა რეგულაცია. ამ რეგლამენტის დაცვა  მასპინძელი გუნდების პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა დავეხმარებით მათ ორგანიზებაში თუკი ამის საჭიროება იარსებებს."