- ლოკომოტივი 1:4 ბათუმის დინამო
- თბილისის ლოკომოტივის რთული პერიოდი ახალი მწვრთნელის ხელშიც გრძელდება.
პრინციპული შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ლოკომოტივსა და ბათუმის დინამოს შორის სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის რანგში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა. ბათუმელებს დღევანდელ მატჩში ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდათ. დაპირისპირების პირველ ნახევარში სტუმრებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი შეასრულა ჯოვინო ფლამარიონმა, ხოლო მესამე ბურთი მალხაზ გაგოშიძის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილმა გოლმა შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ გამოდგა. მატჩის მიწურულს ბათუმის დინამომ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. გატანილი გოლით თავი ჯამბულ ჯიღაურმა გამოიჩინა.
5 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა. დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბათუმელებმაც 7 ქულა დააგროვეს და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლეს.
სამტრედია 0:0 ჩიხურა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის პირველი მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც კახა კაჭარავას გუნდი ჩიხურას დაუპირისპირდა. მასპინძლები გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ეს სტატუსი საბოლოოდ ვერ გაამართლეს. შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და გუნდებმა შესაბამისად ქულები გაიყვეს.
5 ტურის შემდეგ სამტრედიამ 5 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე იმყოფება, ჩიხურა კი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.