კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

დინამოების მატჩი ფრედ დასრულდა! თელავმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ მატჩს უმასპინძლა

  • თბილისის დინამო 1:1 ბათუმის დინამო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური დინამო არენაზე ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდნენ.  შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა.

პირველ ტურში ორივე  დინამომ დებიუტანტებთან დაკარგა ქულები და შესაბამისად ორივე მათგანისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი სამი ქულის მოპოვება, თუმცა ეს ამოცანა მომდევნო ტურისთვის გადაიდო.  დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში 50-ე წუთზე ჯამბულ ჯირაურმა გახსნა და ბათუმის დინამო დააწინაურა, მაგრამ 5 წუთში სტუმართა კარში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა სტატუს-ქვო აღადგინა. პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ  შეასრულა.

ორი ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 2 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში  მე-7 ადგილზე იმყოფება, ბათუმის დინამო კი ამდენივე ქულით მე-5  პოზიციას იკავებს.

  • თელავი 1:1 დილა

თელავმა კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას დღეს პირველად უმასპინძლა. კავკასიონი არენას ტრიბუნებზე ანშლაგი იყო.  რევაზ გოცირიძის გუნდმა გორის დილასთან მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო. მასპინძელების შეტევებს 30-ე წუთზე გორელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ირაკლი რუხაძემ ზუსტად შეასრულა.

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დილას ფეხბურთელი გაუძევეს.  თამაშის სცენარიდან გამომდინარე თითქოს თელავის მიერ სამი ქულის მოპოვებას ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ მატჩის მიწურულს გიორგი ნემსაძის გუნდმა მაინც მოახერხა სახიფათო კომბინაციის განხორციელება და მომენტი ზუსტი დარტყმით ნუგზარ სპანდერაშვილმა დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 

ამ დროისთვის თელავს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო გორის დილა კი 4 ქულით მე-2 პოზიციაზეა.