კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

სეზონის დაწყებამდე თბილისის დინამომ ახალწვეულები წარადგინა

ახალი სეზონის დაწყებამდე, “დინამო თბილისის” გენერალური დირექტორი, ზაზა დოლიძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ახალწვეულებიც წარადგინეს.

დედაქალაქელებმა საზოგადოებას -  ხოსე პერალესი (1), ომარ მიგინეიშვილი (13), როინ კვასხვაძე (30),  ლუკა ლოჩოშვილი (3), ნიკა სანდოხაძე (4), გიორგი კუცია (21), ირაკლი ბუღრიძე (22), თორნიკე კაპანაძე (20), თორნიკე ახვლედიანი (29), ფილიპ ორშულა (18), ივან ტრუბოჩკინი (31), საიმონ ბენიო (19) და პერნამბუკუ (17) წარუდგინეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა  - კახა ჩხეტიანმა დასრულებული შეკრება შეაფასა და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

კახა ჩხეტიანი: "მაშინ, როცა სეზონი არ მიმდინარეობს, ცხადია გუნდი ყოველ მატჩში 100%-ით მზად ვერ იქნება. შეკრებაზე გუნდი ყოველი შეხვედრიდან შემდეგ შეხვედრამდე უფრო უმატებდა. სასიამოვნოა, რომ ამ თამაშებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. გამოჩნდა ის ასპექტები, რომელშიც ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მახარებს ის, რომ ჩვენს გუნდში არიან როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები და ამ მხრივ, ბალანსი დაცულია.

სატრანსფერო საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე, არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ და კონკრეტული პოზიციები გავაძლიერეთ. პირველი წრის განმავლობაში დავაკვირდებით გუნდის თამაშს და ცხადია, ეტაპობრივად ჩვენი სუსტი მხარეებიც გამოჩნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, სეზონის შუაში უკვე ზუსტად გვეცოდინება თუ რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება. 

წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა ნიკა ნინუასაც, თუმცა როგორც ხედავთ ის კვლავ “დინამოშია”, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, ჯობია ევროტურნირებს დაელოდოს და ზაფხულში გაცილებით უკეთესი პირობებით წავიდეს, ასე რომ სულ მცირე ზაფხულამდე ნინუა “დინამოში” რჩება. ის ჩვენი კაპიტანია და მას ნდობას ვუცხადებთ.

ზაზა დოლიძე: “ზამთრის პერიოდში გუნდის სელექციის სისტემა მთლიანად შეიცვალა, თუმცა ამისთვის ცოტა დრო გვქონდა და სამწვრთნელო შტაბის წევრები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 

გუნდის შევსება არ დაგვისრულებია და სეზონის პირველი ნახევარის შემდეგ ამ მხრივ კიდევ უფრო ვიაქტიურებთ. თან ჩვენი გუნდის სუსტ პოზიციებს დავაკვირდებით და პარალელურად ყველა იმ ფეხბურთელზე ვიმუშავებთ, რომელიც ჩვენი მწვრთნელების ინტერესებში მოექცევა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს ამჟამად ისე არ ულხინს, რომ აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ, რომელთა გადასაბირებლადაც კოლოსალური თანხები გადავიხადოთ, თუმცა ჩვენი რესურსის ფარგლებში გუნდს მაქსიმალურად გავაძლიერებთ”,-თქვა დოლიძემ.

“დინამოს”  ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა გუნდის იმ ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა გუნდიდან წასვლაზე ხმები აქტიურად ვრცელდებოდა.