კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

დინამოებმა მოიგეს - 1 დეკემბერს ჩემპიონის ბედი გაირკვევა!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, მთავარი ყურადღება გორსა და ბათუმში გამართულ შეხვედრებზე იყო მიმართული, სადაც თავისი მატჩები ჩემპიონობის პრეტენდენტებმა გამართეს.

თბილისის დინამომ გათამაშების ბოლოს წინა ტურის მატჩი გორის დილას წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო. დედაქალაქელებმა ანგარიში 27-ე წუთზე ლუკა რაზმაძის ავტო-გოლის წყალობით გახსნეს, ორამდე უპირატესობა 43-ე წუთზე დინამომ ნოდარ ქავთარაძის მიერ გატანილი ულამაზესი გოლით გაზარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გორელები საკმაოდ გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. ანგარიშში სხვაობა მიკოლა კოვტალიუკმა შეამცირა.

საბოლოოდ თბილისის დინამომ გორში მოიგო და 35 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 72 ქულით ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. პარალელურად მიმდინარეობდა თბილისის დინამოს მთავარი კონკურენტის მატჩი ბათუმში, სადაც ადგილობრივი დინამო აუტსაიდერ რუსთავს შეხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდნენ. მატჩის 39- წუთზე დინამო გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა - ჯოვინო ფლამარიონმა დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. ანგარიში ლუკა სილაგაძემ გაათანაბრა. შეხვედრის მეორე ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდის შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძემ ბათუმის დინამო ისევ წინ გაიყვანა.

მატის 70-ე წუთზე რუსთაველები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ, მაგრამ ამის მიუხედავად მეტი გოლი მასპინძლებისგან არ მიუღიათ. რუსთავთან მოგებული დაპირისპირების შემდეგ ბათუმელებმა 70 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის დინამო ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას დაიბრუნებს. ბათუმელები კი თბილისში ლოკომოტივის წინააღმდეგ ითამაშებენ.