კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

'ვიცი, რომ ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია' - დავით ასათიანი

სექტემბრის  შუა რიცხვებში დავით ასათიანის სახელ-გვარს ბევრი გულშემატკივარისგან მოისმენდით - კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მაყურებელმა, ამ ბიჭის შესახებ უკვე კარგად იცის - ქუთაისის ტორპედოს მეკარე, რომელსაც ქვეყნის მთავარ ლიგაში დებიუტი მაშინ ჰქონდა, როდესაც მხოლოდ 16 წლის და ერთი კვირის გახლდათ.

დებიუტიცაა და დებიუტიც, ასათიანმა მოქმედ ჩემპიონ საბურთალოსთან ორ ჩატარებულ შეხვედრაში ორი პენალტი აიღო! ჯერ ოგნიენ როლოვიჩი გაამწარა, მოგვიანებით კი ნიკა სანდოხაძე. თითქოს, რაღაც ზღაპარს ჰგავს...

საბურთალოსთან პირველი პენალტი რომ აიღო და მატჩის გმირი გახდა, 16 სექტემბერი იყო, მეორე დღეს კი სკოლებში სწავლა იწყებოდა. ჩვენი საუბარი სწორედ ამით დავიწყეთ - როგორ მიიღეს სკოლაში, რა ემოციები დაეუფლა...

1

„სამწუხაროდ, მეორე დღეს ვერ მივედი სკოლაში, რადგან შეკრებაზე ვიყავი. მაგრამ როცა მივედი, კარგი დახვედრა მომიწყვეს კლასელებმაც და მასწავლებლებმაც“.

ბავშვობაში მეკარეობა ბევრს არ მოსწონს და ასათიანიც ასე ყოფილა. 12 წლის ასაკში ჩამდგარა კარში, მანამდე კი თავდამსხმელი იყო.

„გუნდში მეკარე არ გვყავდა და მის ნაცვლად ჩავდექი. იქიდან მოყოლებული, კარში ვდგავარ. თავიდან ქუთაისის მართვეში ვიყავი, ტორპედოში მწვრთნელმა ოთარ ვარდანიძემ გადამიყვანა. ბოლო დროს, სანამ მთავარ გუნდში ამიყვანდნენ, დუბლებში ვთამაშობდი და ზოგჯერ ტორპედოს 19-წლამდელთა გუნდსაც ვემატებოდი“. 

დებიუტი ჩიხურასთან ჰქონდა ივანწმინდაში და ის შეხვედრა 1:1 დასრულდა. ასათიანმა გვითხრა, რომ არ ნერვიულობდა და საერთოდ, თამაშის დროს სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებს:

„არასოდეს ვნერვიულობ. საერთოდ, ცხოვრებაშიც მშვიდი ვარ. ნორმალურად ვითამაშე, თუმცა ვიცი, რომ ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია“.

123

კარნახი მეკარისთვის დამახასიათებელი და ერთ-ერთი საჭირო თვისებაა და საინტერესოა, რამდენად ეუხერხულება უფროსებთან „უფროსობა“...

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მხარში მიდგას და მეც ვცდილობ, რაც მეკარეს ევალება, ის გავაკეთო.“

ვინაა მისი საყვარელი მეკარე? ქართველებიდან, რა თქმა უნდა, როინ კვასხვაძე, რომლისგანაც ბევრი ისწავლა.

„სულ მამხნევებს და რჩევებს მაძლევს. ბედნიერებაა, როცა გუნდში ასეთი მეკარე და პიროვნებაა. მასთან ერთად მადლობა უნდა გადავუხადო ტორპედოს მეკარეების მწვრთნელ დავით მამარდაშვილს და, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს. რაც შეეხება უცხოელ მეკარეებს, მანჩესტერ სიტის ედერსონი მომწონს“. 

ასათიანი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ამ გუნდს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ელის პორტუგალიაში - მასპინძლების გარდა, ჯგუფში მეტოქეები უკრაინა და ალბანეთი იქნებიან, ელიტ-რაუნდში კი ორი საუკეთესო გავა.

„ამხანაგურებში კარგი შედეგები გვქონდა - ბოლოს საბერძნეთთან ვითამაშეთ და 2:0 მოვიგეთ. სასიამოვნოა, რომ კარი მშრალად შევინახე. კარგი თაობაა და ვფიქრობ, ძლიერი ნაკრები გვყავს.“

საინტერესოა, რომ როცა დავით ასათიანი დაიბადა, მისი თანაგუნდელი გრიგოლ დოლიძე უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო ასევე ტორპედოელი შოთა ბაბუნაშვილი (რომელმაც კარიერა შარშან დაასრულა), იმ დროს უკვე საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახლდათ...