თბილისის დინამომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი უპრობლემოდ დაძლია. დედაქალაქურმა გუნდმა ანდორულ ერგონდანს ორი მატჩის ჯამში 7 გოლი გაუტანა.
გათამაშების მეორე ეტაპზე დინამოს მეტოქე აზერბაიჯანული გაბალაა, რომელთანაც პირველი შეხვედრა გასვლაზე 25 ივლისს გაიმართება. განვლილ ეტაპსა და მოახლოებულ მატჩებზე თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელის ასისტენტმა - ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.
ჩისკოს აქტიური თბილისური კარიერის დროს, დინამო ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე მივიდა, სადაც მაშინ დუშან უჰრინ უმცროსის გუნდი ტოტენჰემ ჰოთსპურთან დამარცხდა. მიმდინარე კამპანიაზე კი უკვე სამწვრთნელო შტაბის წევრი ესპანელი დეტალურად საუბრობს.
როგორ შეაფასებთ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს?
კარგად მოვემზადეთ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მაღალ დონეზე ჩავატარეთ საშინაო შეხვედრა. ისეთი ანგარიშით მოვიგეთ, რომ მშვიდად შეგვეძლო გასვლითი მატჩისთვის გვეფიქრა.
ბედნიერები ვართ ამ ეტაპზე მიღწეული შედეგით. ჩვენს მომდევნო მეტოქესთან აშკარად მეტი მომზადება და ძალების დახარჯვა მოგვიწევს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ჩვენი მაქსიმუმი არ იყო.
19 მაისს გამართა გაბალამ ბოლო ოფიციალური მატჩი - აქედან გამომდინარე, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სამწვრთნელო შტაბისთვის მეტოქის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია?
ამ მიმართულებით ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა სიღრმისეულად იმუშავა. ჩვენ გავარჩიეთ ვიდეოებიც, ფეხბურთელებიც. ერთადერთი პრობლემა არის აზერბაიჯანული კლუბის ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაიმატეს. ვფიქრობ ამ პრობლემასაც გადავწყვიტავთ და დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელებს ინდივიდუალურადაც ვაჩვენებთ მათ პოზიციაზე მოთამაშე ოპონენტების ასპარეზობას.
თქვენ გაბალასთან შანსები 50/50 შეაფასეთ, ასე მოიქცეოდით სხვა ნებისმიერი გუნდის შემთხვევაში თუ რეალურად ხედავთ ამ თანაფარდობას?
რეალურად ასე ვაფასებ შანსებს. უფრო ძლიერი ან სუსტი მეტოქის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ვიტყოდი. გაბალას შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე ვამბობ ამას. დარწმუნებული ვარ ძალიან რთული თამაში გვექნება, თუმცა მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების.
ამ თავდაჯერებას მიძლიერებს ბოლო პერიოდში დინამოს თამაშის ხარისხი და შედეგი. გუნდი ძალიან კარგ კონდიციაშია, როგორც მენტალურად ასევე ფიზიკურად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპასუხო შეხვედრაში დინამო არენაზე ბევრი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭირონ იმის მიუხედავად თუ რა ანგარიში დაფიქსირდება გაბალაში.
მიიჩნევთ თუ არა თქვენს უპირატესობად იმას, რომ გაბალას აქვს უთამაშებლობის პრობლემა, თუ არ ჩავთვლით შეკრებაზე გამართულ რამდენიმე მატჩს?
არ ვფიქრობ, რომ ამ კომპონენტში უპირატესობა გვაქვს. გაბალამ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. აქ საუბარია ევროთასებზე და ბუნდებრივია, რომ ყველა მოთამაშე მაქსიმუმს გაიღებს მოედანზე. ზოგადად ვფიქრობ არ არის მნიშვნელოვანი როგორ ითამაშებს მეტოქე, მთავარია როგორ გამოვალთ მის წინააღმდეგ.
უკანასკნელ შეხვედრებში დინამომ თვალშისაცემი ტრასფორმაცია განიცადა და ზედიზედ ევროთასებიანად 9 თამაშის მოგება შეძლოა. ხედავთ თუ არა ამ პროგრესის გაგრძელების რესურსს გუნდში?
გუნდში ჩემი მოსვლის პერიოდში დინამოს მთავარი პრობლემა უბურთოდ თამაში იყო. საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორებას. დღეს მოცემულობა აბსოლუტურად შეცვლილია და სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება.
დინამოში ბევრი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და ასეთ შემთხვევაში ტაქტიკური და თეორიული მონახაზის გადატანა მოედანზე უფრო ადვილია და პროცესიც სასიამოვნო ხდება. ამ ყველაფერი მიუხედავად უნდა ვთქვა ის, რომ ეროვნული ლიგის დასკვნითი ნაწილი იქნება ძალიან რთული და სწორედ ამ დროს ექნება თითოეულ ფეხბურთელს დასამტკიცებელი რეალური სიძლიერე.
რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა დინამოში, როგორ შეფასებთ ახალწვეულებს? აღნიშნული ტრანსფერები ემსახურება ლოკალური, ამ შემთხევაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, ამოცანის გადაჭრას, თუ გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე?
ქიმაძეს და ქავთარაძეს რაც შეეხებათ, მათ ის პლუსი ჰქონდათ რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობნენ და კარგად იცნობენ ამ საფეხბურთო გარემოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იციან იმ მაისურის ფასი, რომელიც ახლა აცვიათ.
დანარჩენ ახალწვეულებს ვფიქრო სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ ჩაჯდნენ გუნდის სტრუქტურაში. ჩვენ მათი გვჯერა. ველოდებით ზუსტად იმ მომენტს, როდესაც დაგვჭირდება მივიღოთ მათგან მაქსიმუმი და გუნდს შეეშველონ დასახული მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მიზანი კი ეროვნული ლიგის მოგება და ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლაა.