- დღეს ქართული კლუბები ევროპის ლიგაზე ითამაშებენ
2019-20 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ტრადიციულად 4 კლუბი ეყოლება - თბილისის „საბურთალო“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“.
ტორპედო
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ ყაზახურ შიმკენტის „ორდაბასის“ დაუპირისპირდება, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის. პირველი შეხვედრა 11 ივლისს ყაზახეთში შედგება, ხოლო საპასუხო მატჩი „მიხეილ მესხზე“ 18 ივლისს ჩატარდება.
„ტორპედო“ მომავალ თამაშებს შეცვლილი შემადგენლობით ხვდება, რადგან გუნდიდან მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, რიჩარდ ლუკა, მერაბ გიგაური, ლევან გეგეჭკორი, ამბროსი ჩაჩუა, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე და გიორგი ქიმაძე წავიდნენ.
ამის სანაცვლოდ, „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიადან“ ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი დაიმატა, ხოლო „ჩიხურადან“თავდამსხმელი დავით იონანიძე. ასევე, ქუთაისელებს შეუერთდნენ ნახევარმცველები „რუსთავიდან“ - პაპუნა ფონიავა, თემურ ჩოგაძე და ზაზა ციცქიშვილი.
მათ გარდა, „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავენ გიორგი გადრანი, ცოტნე ნადარაია, თამაზ ცეცხლაძე და ოთარ კობახიძე დაიცავენ. გადრანი ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, ნადარაია „საბურთალოში“, კობახიძე თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო ცეცხლაძე - აზერბაიჯანულ „სებაილში".
კახა ჩხეტიანი: „ვინც უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი იქნებოდა და ახლაც ასეა. „ორდაბასი“ კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მეტოქის რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება. გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს „შერიფიდან“ დაგვამახსოვრა. ასევე, „ორდაბასის“ ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს, რომელსაც ბულგარული „ლუდოგორეციდან“ ვიცნობთ. ძალიან რთული მატჩები გველის, მაგრამ მჯერა, ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
თუ „ტორპედო“ შემდეგ ეტაპზე გავა, ჩეხურ „მლადა ბოლესლავს“ დაუპირისპირდება.
ჩიხურა
საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ლუქსემბურგის „ფოლას“ შეხვდება. ზემოიმერული კლუბი ტრანსფერებით დიდად ვერ გამოირჩა - დავით იონანიძის გარდა „ჩიხურამ“ ბიძინა მახარობლიძეც დაკარგა („ლოკომოტივში გადავიდა), სანაცვლოდ კი იმავ „ლოკომოტივიდან“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი რატი არდაზიშვილი შეიმატა.
პირველი თამაში 11 ივლისს ლუქსემბურგში ჩატარდება, ხოლო „ჩიხურა“ „ფოლას“ 17 ივლისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მიიღებს.
სოსო ფრუიძე: „ვნახეთ “ფოლას“ თამაშები და გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს. ფაქტია, უეფას რეიტინგში ჩვენზე მეტი კოეფიციენტი დააგროვეს და განთესილიც იყო. წინასწარ დასკვნების გაკეთება არ მინდა, ვნახოთ, რა თამაში იქნება. რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. დაუმარცხებელი გუნდი რომ არ არის, ამას ყველა ვხვდებით“.
თუ „ჩიხურა“ შემდეგ ეტაპზე გავა, ურთიერთობას შოტლანდიურ „აბერდინსა" და ფინურ როპს-ს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს.
დინამო თბილისი
თბილისის „დინამო“ ანდორულ „ენგორდანთან“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 11 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, ხოლო სტუმრად მატჩს 18 ივლისს გამართავს.
დინამოელებმა ევროთასების წინ შემადგენლობა გააძლიერეს - სენეგალელი ნახევარმცველი არფანგ დაფე და უკრაინელი მარცხენა მცველი ოლეკსანდრ კაპლიენკო დაიმატეს. ასევე, „დინამოს“ მაისური მოირგეს „ტორპედოს“ ყოფილმა მცველმა გიორგი ქიმაძემ და ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ.
„დინამოში“ დაბრუნდა 31 წლის უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო, რომელიც გუნდის ღირსებას 2017 წლის სეზონში იცავდა. აგრეთვე, „დინამოს“ შეუერთდა 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა, რომელიც ბოლოს კიევის „ობოლონში“ ასპარეზობდა.
თბილისელთა მაისური 23 წლის თავდამსხმელმა მათე კვირკვიამაც მოირგო, რომელიც მანამდე ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა.
ჩისკო მუნიოზი: „შანსების შეფასებას არ დავიწყებ, რადგან ასეთი რამ საერთოდ არ მჩვევია. დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს სუსტი მეტოქე და ეს განსაკუთრებით კარგად სწორედ ევროთასებზე ჩანს. ყველა გუნდი ცდილობს, თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს, შესაბამისად, არავის ექნება იოლი თამაში. ჩვენ სრული დატვირთვით ვემზადებით. მომდევნო ეტაპის მეტოქეზე ვერაფერს გეტყვით, ჯერ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდია. ყველა ქართულ გუნდს წარმატებას ვუსურვებ ევროთასებზე“.
თუ „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავა, აზერბაიჯანულ „გაბალას“ შეხვდება.