კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ჩიხურას პირველი და ხმაურიანი მოგება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მეხუთე ტურის მატჩებით განახლდა. პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ,,ჩიხურასა“ და ბოლნისის ,,სიონს“ შორის გაიმართა. მატჩი ნომინალურმა მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობით დაიწყეს და მალევე ასახეს პირველ გატანილ გოლში. ბოლნისელთა კარი მე-7 წუთზე ბიძინა მახარობლიძემ აირო, 31-ე წუთზე ორამდე უპირატესობა ირაკლი ლექვთაძემ გაზარდა, რამდენიმე წუთში ვილი ისიანმა ავტოგოლი მიითვალა, ხოლო მეოთხე ბურთი სტუმართა კარში მიშიკო სარდალიშვილმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო.

შესვენებაზე სოსო ფრუიძის შეგირდები ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

თამაშის სცენარი დიდად არც მეორე ნახევარში შეცვლილა, თუმცა საჩხერელები მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანას დასჯერდნენ. ამჯერადაც თავი მიშიკო სარდალიშვილმა გამოიჩინა და დუბლი შეასრულა.

ამრიგად საჩხერის ,,ჩიხურამ“ მიმდინარე სეზონში ერთი წაგებული და სამი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

5 ტურის შემდეგ ჩიხურა 6 ქულით გათამაშების ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ბოლნისის ,,სიონი“ კი 7 ქულით მესამე ადგილზეა.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა გორის ,,დილამაც“ რომელიც საკუთარ მოედანზე თბილისის ,,ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. მასპინძლებმა ანგარიში ნუგზარ სპანდერაშვილის მიერ გატანილი გოლით მე-19 წუთზე გახსნეს. 26-ე წუთზე მეორე ბურთი გორელთა ახალწვეულმა გურამ გოშთელიანმა გაიტანა. შეხვედრის 35-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ალვინ ფორტესმა საბოლოო შედეგი მეორე ტაიმში 56-ე წუთზე გატანილი გოლით დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ გორის ,,დილას“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე რჩება. ლოკომოტივი კი 6 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ბათუმის დინამომ. ვიტ ჯორჯიასთან ჩატარებული მეხუთე ტურის მატჩი წინა ორის მსგავსად გია გეგუჩაძის გუნდმა ისევ მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაბრიელ რამოსმა გაიტანა.

ამ დროისთვის ბათუმის ,,დინამო“ 9 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ვიტ ჯორჯიას 5 ქულა რჩება და მე-8 პოზიციას იკავებს.