13 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2018-ის მეორე სათამაშო დღე გაიმართა.
პირველად გულშემატკივარმა „ა“ ჯგუფის თამაშები იხილა. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს „რუსთავი“, „თელავი“, „გაგრა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. ჯგუფში პირველი ადგილი რუსთაველებმა დაიკავეს. ვარლამ კილასონიას გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა და სამივე თამაში მოიგო. პირველი შეხვედრაში „რუსთავი“ „გაგრასთან“ 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი მათი სასურველი ანგარიშით - 4:3 დაასრულეს. ასევე დაძაბული გამოდგა „რუსთავისა“ და „თელავის“ დაპირისპირება. ქვემო ქართლელებმა გამარჯვების გოლი უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ვარლამ კილასონია გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა მეტოქე. ბოლო ტურში ტორპედოელთა მარცხის გამო სამ გუნდს თანაბარი 3-3 ქულა დაუგროვდა. დებულების თანახმად კი, აღნიშნულ სამ გუნდს შორის მეტი გატანილი გოლის წყალობით მეოთხედფინალის საგზური „თელავმა“ მოიპოვა.
ზამთრის თასი 2018-ზე ჯგუფური ეტაპი „ბ“ ჯგუფის მატჩებით დასრულდა. პლეი-ოფის საგზურისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ „ნორჩი დინამო“, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“ და ფოთის „კოლხეთი“ წარსდგნენ. „ნორჩმა დინამომ“ სასურველი უპირატესობის მოპოვება პირველივე შეხვედრაში მოახერხა და ჯგუფური ეტაპი ეტაპი სამი მოგებით დაასრულა. დინამოელებმა პირველ მატჩში თბილისის „დინამოს“ ანგარიშით - 6:2 მოუგეს, მეორე შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხეს 7:2, ბოლო მატჩი კი, „ნორჩმა დინამომ“ უშუალო კონკურენტის, „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართა და ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 მოიგო. რაც შეეხებათ ვიტელებს, ვეტერინარებმა საწყის შეხვედრებში „კოლხეთი“ და „დინამო“, შესაბამისად 5:0, 6:4 დაამარცხეს და ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოლიმპიურ სასახლეში მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. დამაჯერებლად მოგებული მატჩები შემდეგ ვარლამ კილასონიას გუნდმა პლეი-ოფზე კონცენტრირება ვერ მოახერხა და პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. ვეტერინარებმა მეტოქეს ექვსი გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი, მხოლოდ ორი მიიღეს. დრამატული გამოდგა მეორე მეოთხედფინალური შეხვდრა. „ნორჩ დინამოსა“ და „თელავს“ შორის გამართული მატჩი, თელაველთა უპირატესობით დაიწყო. გიორგი დეკანოსიძის გუნდმა საწყის წუთებში ორი ბურთით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ კახელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების მონაწილეობით ზამთრის თასი 2018-ის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 10:00 საათზე ერთმანეთს „შევარდენი“ და „ნორჩი დინამო“ დაუპირისპირდებიან. 10:45 საათზე „ლოკომოტივი“ და „ვიტ ჯორჯია“. ფინალური მატჩი კი, 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.