კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

რუსთაველთა თავი: ვარლამ კილასონია

ფოტო: დათა სიჭინავა და ვარლამ კილასონია

„რუსთავი“ ელიტას დაუბრუნდა. ეროვნული ლიგა 2-ის პირველი და თუნდაც მეორე წრის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ვარლამ კილასონიას გუნდს მარტვილის „მერანისთვის“ გადაესწრო, მაგრამ რუსთაველები ნელ-ნელა ეწეოდნენ ლიდერს და საბოლოოდ, გადაასწრეს კიდეც.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას ვესაუბრეთ. რუსთაველ კაცს, „მეტალურგისა“ და „გორდას“ ყოფილ ლიდერს, ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ნახევრის საუკეთესო მწვრთნელს.

რუსთავის გუნდი საუკეთესოთა შორის დაბრუნდა. უპირველესად, რის ხარჯზე?

ერთიანობა, მეგობრული ატმოსფერო... ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა. რაც შეეხება სათამაშო ასპექტებს, მარათონული სეზონი 36 თამაშს მოიცავდა და ძალები სწორად გადავანაწილეთ. 

საამისოდ ორი თითქმის სრულფასოვანი შემადგენლობაა საჭირო...

დიახ. ამიტომაც ვთქვი, ძალები სწორად გადავანაწილეთო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 22 ფეხბურთელი გვყავდა და თითოეულმა შეიტანა წვლილი გამარჯვებაში. არაფერს ვამბობ მეკარეებზე. გამოკვეთილად პირველი ან მეორე ნომერი არცერთი ყოფილა: მიხეილ ალავიძესაც და მირზა მერლანსაც ერთნაირად ვენდობოდით.

დათა სიჭინავას ადრე უმაღლეს ლიგაში უთამაშია და ახალი სახე არ გახლავთ ჩვენს ჩემპიონატში, მაგრამ წლეულს მოლოდინს გადააჭარბა. როგორ მოახერხა ეს და პირადად თქვენ რაში დაეხმარეთ?   

ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, მინდორზე თავისუფლება მივეცი და ვცდილობდი, შავი სამუშაო რაღაც დოზით ამერიდებინა. ვენდე და გამიმართლა. სიჭინავათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. 

რჩება გუნდში?

ჯერ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში,  წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს. 

ხმები გავრცელდა, „რუსთავი“ საკმაოდ გაძლიერდება და სამეულისთვის იბრძოლებსო. არის რაიმე ძვრები კერძო სპონსორის მხრივ?

არ ვიცი, ეს ხმები საიდან ვრცელდება. შემადგენლობა ჯერ უცვლელია. კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არავინ წასულა. არც ახალწვეული გვყავს.

„ფოლადის“ სტადიონის საკითხზე: ეროვნულ ლიგაში ასეთ საფარზე ვერ ითამაშებთ.

სტადიონი მეტალურგიის მფლობელობაშია. ყველა ელის, რომ სტადიონი ან ქალაქის მერიის, ან კერძო სპონსორის ხელში გადავიდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარება. დიდი ალბათობით, დროებით სადმე გადაბარგება და სტადიონის ქირაობა მოგვიწევს.

რატომ?

დაახლოებით, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება ჩემპიონატი. ახალი საფარის დაგებას კი დრო სჭირდება.

როდის შეიკრიბებით?

20 დეკემბერს. ახალ წლამდე ვივარჯიშებთ, შემდეგ, დაახლოებით 10 იანვრამდე დავისვენებთ და მზადებას გავაგრძელებთ. უცხოურ შეკრებას რაც შეეხება, სურვილი გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა როგორ იქნება.