კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

გორის დილამ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

18 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის მატჩები გაიმართა. 

„სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. მთელი მატჩის გამავლობაში სათამაშო უპირატესობას იმერლები ფლობდნენ და პირველ ნახევარში გიორგი ბუხაიძის სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით შეიძლება ითქვას, რომ ფოთელებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, ნიკოლოზ საბანაძემ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. მატჩი მასპინძელთა შეტევებით გაგრძელდა და პირველი ნახევრის დასრულებამდე „სამტრედიამ“ კიდევ ერთხელ გაიტანა. 33-ე წუთზე მაიკლ ოლაიტანმა დავით რაჯამაშვილის გრძელი გადაცემა მიიღო, ტექნიკური თამაშით მეტოქე ჩამოიშორა და კოკა სეფიაშვილს ძლიერი დარტყმით გაუტანა. მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. „სამტრედიამ“ მესამე გოლი საწყის წუთებზევე გაიტანა და კიდევ უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა. 48-ე წუთზე ოლაიტანმა საკუთარი გუნდის სწრაფი შეტევა დაასრულა შედეგიანი დარტყმით და დუბლი გაიფორმა. ამ მომენტიდან ზუსტად 11 წუთში სამტრედიელებმა სხვაობა ოთხამდე გაზარდეს, ამჯერად ოლაიტანის პასით ანტე გიიმ გაიტანა. საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დაფიქსირდა, 73-ე წუთზე ბაკარ ბალდეს გამჭოლი გადაცემით გიული მანჯგალაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით „სამტრედიამ“ 64 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი გაინაღდა. 

 მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა ბათუმის რაგბი არენაზე გამართული ქობულეთის „შუქურასა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება. დინამოელებმა მძიმე ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს მეტოქე და ჩემპიონობის უმთავრეს პრეტენდენტად რჩებიან. შეხვედრის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გავიდა. საჯარიმოში შეჭრილი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ვლადიმირ მელნიჩენკოს მაღალ კუთხეში გაუტანა. ამ მარცხით ქობულეთელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გიორგი შაშიაშვილის გუნდი მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს. 

იმერულმა დერბიმ მოლოდინი გაამართლა და მაყურებელმა სანახაობრივი მატჩი იხილა. საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა და ქუთაისელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ვაჟა ტაბატაძის მოწოდებული აუტის შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილმა გრიგოლ დოლიძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა. მიუხედავად რამდენიმე სახიფათო მომენტისა პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ნახევარი საჩხერელთა აქტიურობით განახლდა და 55-ე წუთზე სოსო ფრუიძის გუნდმა წონასწორობა აღადგინა. საჯარიმოს მისადგომებიდან შედეგიანი დარტყმა თორნიკე გორგიაშვილმა შეასრულა. ტორპედოელებმა მეტოქეს სიხარული არ აცადეს და ოთხ წუთში კვლავ დაწინაურდნენ. თორნიკე კაპანაძის გამჭოლი გადაცემის შედეგად ლაშა ჩიკვაიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ, სრულ სათამაშო უპირატესობას „ტორპედო“ დაეუფლა და ქუთაისელებს შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება არ გასჭირვებიათ. საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე დაფიქსირდა, ლევან კუტალიამ მეტოქის კართან შექმნილი არეულობით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა.

ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა გორის „დილამ“. გორელებმა საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში 25-ე წუთზე გორელებმა გახსნეს. თენგიზ წიქარიძის ჩაწოდების შემდეგ რევაზ თევდორაძემ ალექსანდრე კვახაძის თავური მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას გიორგი ფანცულაიამ დაასწრო და დაუცველ კარში გაიტანა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ლოკოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გიორგი დიასამიძის დარტყმული ბეგაშვილმა მოიგერია. მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა აქტიურობით განახლდა და 53-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგმ „დილამ“ უკან დაიხია და ტერიტორიული უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს. შედეგად 59-ე წუთზე გიორგი გაბაძის გადაცემით ნოდარ ქავთარაძემ სხვაობა შეამცირა. „ლოკომოტივმა“ კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. 71-ე წუთზე მასპინძლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მეორე გაფრთხილების გამო არბიტრმა გოდერძი მაჩაიძე გააძევა და „დილა“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. თუმცა ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში თბილისელთა შემტევმა გიორგი დიასამიძემ ტრავმა მიიღო და იმის გამო, რომ გიორგი დევდარიანს უკვე ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, თამაში „ლოკომოტივმაც“ 10-კაციანი შემადგენლობით გააგრძელა. შეხვედრის მიწურულს სტუმრებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ბეგაშვილის კარგი თამაშის წყალობით „დილამ“ ანგარიში შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. 

ტურის ბოლო შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი ნახევარი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა. აჭარული კლუბი მატჩის საწყის წუთებზევე დაწინაურდა, მესამე წუთზე სტუმრებს ელგუჯა გრიგალაშვილმა გაუტანა. ტაიმის დასრულებამდე ბათუმელებს კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. მეორე ნახევარიც მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ მალევე საბურთალოელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და უპირატესობას დაეუფლნენ. გადამწყვეტი გამოდგა ოთხწუთიანი მონაკვეთი, როდესაც სტუმრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს შემდეგ კი, დაწინაურდნენ. 56-ე წუთზე მცველების შეცდომით ნდუე მუეცმა ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. მე-60 წუთზე კი, გიორგი ხარაიშვილის ჩაწოდებით დავით ვოლკოვმა გაიტანა. ამის შემდეგ თამაშს „საბურთალო“ აკონტროლებდა, მაგრამ ბათუმელებმა რამდენიმე კარგი მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. საბოლოოდ ანაგრიში აღარ შეცვლილა და უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის „დინამოს“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება გადათამაშებაში მოუწევს.

ეროვნული ლიგის მორიგი 35-ე ტურის მატჩები 22 ნოემბერს გაიმართება.