კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ლიდერები კვლავ იგებენ

18-19 ოქტომბერს ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა „სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამო“ მიიღო და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპრატესობის მოპოვება პირველი ნახევრის ექვსწუთიან მონაკვეთში მოახერხეს. 25-ე წუთზე მაიკლ ოლაიტანმა ანგარიში გახსნა, 31-ეზე გიორგი ახალაძემ საშუალო დისტანციიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა. ამ მომენტიდან მოყოლებული თამაშს სრულად მასპინძლები აკონტროლებდნენ და ბათუმელებს სახიფათო მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 62-ე წუთზე დაფიქსირდა, ანტე გიის გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ საბანაძემ ცენტრისკენ შემოიწია, მეტოქე ჩამოიშორა და გამოზომილი დარტყმით მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა. ამ გამარჯვებით „სამტრედიამ“ ლიდერთა სამეულში ადგილი განიმტკიცა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

საინტერესო გამოდგა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართული ქობულეთის „შუქურასა“ და საჩხერის „ჩიხურას“ დაპირისპირება. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. აღსანიშნავია მეკარეთა თამაში, გიორგი სომხიშვილმა და ზურაბ მწყერაშვილმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარეს და საკუთარი გუნდები რამდენჯერმე იხსნეს გაშვებული გოლისგან. მატჩის ბედი უკანასკნელ წუთზე გადაწყდა, გიორგი ივანიშვილის კარგი გადაცემით მიშიკო სარდალიშვილმა ისარგებლა და ზუსტი დარტყმით „ჩიხურას“ მოაგებინა. მოპოვებული სამი ქულით საჩხერელები გადათამაშების ზონა კიდევ უფრო დაშორდნენ და ცხრილის შუა ნაწილში პოზიციები გაიმაგრეს. 

თბილისის „ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონში თანაქალაქელი „საბურთალოს“ დამარცხება ვერც მეოთხე ცდაზე მოახერხა და ამჯერად ფრედ - 1:1 ითამაშა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ორივე გუნდი აქტიურობდა და სახიფათო მომენტები მრავლად იქმნებოდა, მეორე ნახევარში კი, ტემპი შედარებით დაეცა და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ანგარიში ლოკომ გახსნა, 28-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24-ე გოლი გაიტანა. საბურთალოელებმა წონასწორობის აღდგენა ტაიმის მიწურულს მოახერხეს. 41-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ტექნიკური მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით ბექა ქურდაძეს ახლო კუთხეში გაუტანა. შეხვედრის დარჩენილ დროში შემქმნილი რამდენი სახიფათო მომენტის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისურმა კლუბებმა თითო ქულა გაინაწილეს. 

საკუთარ ქალაქში დაბრუნება უიღბლო გამოდგა ფოთის „კოლხეთისთვის“. ფოთელებმა „პარკი არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს „კოლხეთის“ ზედიზედ მეთექვსმეტე მოუგებელი შეხვედრაა. მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და პირველი გოლიც მათ გაიტანეს. მე-12 ლაშა კუჭუხიძის გადაცემის შედეგად კარის წინ ფაქტიურად მარტო დარჩენილმა თორნიკე კაპანაძემ ძლიერად დაარტყა და კოკა სეფიაშვილს შანსი არ დაუტოვა. მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას „ტორპედო“ ფლობდა, ფოთელები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს. თუმცა მეორე ნახევრის რამდენიმე წუთიან მონაკვეთში „კოლხეთმა“ თამაშის შეცვლა მოახერხა და მეტოქეს აქტიურად შეუტია. 59-ე წუთზე გიორგი ჯანელიძე შორეული დარტყმით ანგარიში გაათნაბრა. გოლიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ დავით ბოლქვაძის დარტყმა ძელმა მოიგერია. ფოთელთა აქტიურობის მიუხედავად, კახა ჩხეტიანის გუნდმა ინიციატივა მალევე დაიბრუნა და 77-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შესრულებული პენალტით „ტორპედო“ კვლავ დააწინაურა. დარჩენილ დროში თამაში საკმაოდ დაიძაბა, მატჩის მიწურულს ქუთაისელები სულაც კაცნაკლული დარჩნენ მოედანზე, მაგრამ იმერლებმა მათთვის სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ. 

დრამატული გამოდგა გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირდება. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში გორელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მე-40 წუთზე გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ტაიმის მოგებაც მოახერხეს. თუმცა მეორე ნახევარში დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. დედაქალაქელებმა წონასწორობა 83-ე წუთზე აღადგინეს. ბექა ქავთარაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად ლაშა თოთაძემ შეასრულა. დარჩენილ დროში „დინამომ“ კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. გორელთა მეკარემ, მიხეილ მუჯრიშვილმა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. დინამოელებმა გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს. ლაშა თოთაძემ საჯარიმო დარტყმით დაახლოებით 35 მეტრიდან მოახერხა მეტოქის კარის აღება და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. 

ეროვნული ლიგის მორიგი, 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო - www.fctorpedo.ge