კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

თბილისური დერბი დინამო არენაზე

13, 14 და 15 ოქტომბერს სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 29-ე ტურის მატჩებით განახლდება. 

13 ოქტომბერს ტური იმერული დერბით დაიწყება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურა“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. სამტრედიელები ლიდერთა სამეულში არიან და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. საჩხერელებმა კი, ლიდერთა შორის მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს და სოსო ფრუიძის გუნდი აქცენტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე აკეთებს. „ჩიხურამ“ სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და გუნდში ბაჩანა ცხადაძე მიიწვია. გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი საჩხერელთა რიგებში 28 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. 

ამავე დღეს ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი „დინამო“ უშუალო კონკურენტ გორის „დილას“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მათ შორის სხვაობა ხუთი ქულაა. გორელები 34 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, ბათუმელებს კი, 29 ქულა აქვთ და მერვე პოზიციას იკავებენ. ბოლო პერიოდში „დილამ“ თამაში საგრძნობლად გამოსწორა, გიორგი დარასელიას გუნდმა უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. საპირისპირო მდგომარეობაა დინამოელთა მხარეს, აჭარელბმა ბოლო 5 მატჩიდან ერთი მოიგეს და ოთხჯერ დამარცხდნენ.

14 ოქტომბერს ეროვნულ ლიგაში ერთი შეხვედრა გაიმართება. 

ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ გათამაშების აუტსაიდერს ქობულეთის „შუქურას“ უმასპინლებს. იმერული კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ტურში მის უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს“ თანაქალაქელი „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ურთულესი მატჩი ელის. მოკლედ ქუთაისელებს საკმაო მოტივაცია აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი გულშემატკივარი კიდევ ერთ გამარჯვებით გაახარონ. თავისმხრივ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების მიზერულ შანსს ინარჩუნებს „შუქურა“ და გიორგი შაშიაშვილის გუნდი ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ადგილზე ყოფნის მიუხედავად ბოლო პერიოდში ქობულეთური კლუბი ლიდერთათვის საკმაოდ უხერხულ მეტოქედ იქცა. 

ეროვნული ლიგის 29-ე ტური 15 ოქტომბერს გასამართი ორი შეხვედრით დასრულდება. 

თბილისის „საბურთალო“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. საბურთალოელები 43 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და მიმდინარე სეზონში ევროთასებზე მოხვედრას ისახავენ მიზნად. მეტოქისგან განსხვავებით ფოთელები მძიმე სატურნირო მდგომარეობაში არიან და ლიგაში დარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ალეკსანდრ შტელინის გუნდს 20 ქულა და ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთს“ უკვე 14 ტურია მატჩი არ მოუგია. რა თქმა უნდა, დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე შეხვედრის უდავო ფავორიტად „საბურთალო“ მიიჩნევა, მაგრამ ქულები ფოთელებსაც ძალიან სჭირდებათ და ისინი წარუმატებელი სერიის შესაწყვეტად ყველაფერს გააკეთებენ. 

ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „დინამო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. ბოლო ტურებში დინამოელები ძველებურად ვეღარ ასპარეზობენ, რის შედეგადაც უახლოეს მდევარ „ტორპედოსთან“ სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. ეს ფაქტი კახა კაჭარავის გუნდის საჩემპიონო ამბიციებს საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის და აქედან გამომდინარე „დინამოს“ მოახლოვებულ დერბიში უპირობო გამარჯვება ესაჭიროება. თავისმხრივ კარგ ფორმაშია „ლოკომოტივი“. გიორგი დევდარიანის გუნდი კარგად ასპარეზობს და სამეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვს. თბილისური კლუბი უშუალო კონკურენტ „სამტრედიას“ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება. როგორც ხედავთ დერბის მნიშვნელობასთან ერთად შეხვედრას ორივე გუნდსთვის უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თბილისურ კლუბებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან ორი „ლოკომოტივმა“ მოიგო ერთი კი, „დინამომ“.