კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ქართული დერბის ტური

22, 23 და 24 სექტემბერს ეროვნულ ლიგაში 27-ე ტურის მატჩები გაიმართება. 

ტურის პირველ შეხვედრაში სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი გადათამაშების ზონაშია და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბათუმელები 26 ქულით მერვე ადგილზე არიან, ფოთელები კი, 19 ქულით მეცხერეზე. მიმდინარე სეზონში გუნდებს შორის გამართული ორი შეხვედრიდან ერთი ფრედ დასრულდა ერთი კი, ანგარიშით 1:0 „დინამომ“ მოიგო. 

ამავე დღეს, თბილისის „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. საბურთალოელები შესანიშნავ ფორმაში არიან, მათ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. საპირისპირო მდგომარეობაა ქობულეთელთა მხარეს. გიორგი შაშიაშვილის გუნდი ეროვნული ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერია და 12 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა. სატურნირო თვალსაზირისით მოახლოვებული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „საბურთალო“ ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის, „შუქურა“ კი, დადებითი შედეგის ჩვენების შემთხვევაში ლიგაში დარჩენის მიზერულ შანსს შეინარჩუნებს.

27-ე ტურის ორი შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება. 

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მიხელ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე. თბილისის „ლოკომოტივი“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და შესაბამისად შეხვედრის შედეგს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ლოკოს 42 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, „ჩიხურა“ კი, 40 ქულით მეხუთეა. ორივე კლუბი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. ეს ფაქტორი კი, მოახლოვებულ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს. მითუმეტეს, რომ სატურნირო ცხრილში საბოლოო პოზიციების განსაზღვრისას ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს უდიდეს მნიშვნელობა ექნება.

საინტერესო უნდა გამოდგეს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი „დილასა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება. გორელებმა გასულ ტურში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და გადათამაშების ზონას თავი დააღწიეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი დარასელიას გუნდი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს საკუთარ მოედანზე კარგი განწყობით დაუხვდება და სატურნირო ცხრილში პოზიციების გამყარებას შეეცდება. თავისმხრივ კარგ ფორმაში არიან იმერლები. გასული ტური მათთვისაც წარმატებული გამოდგა, გია ცეცაძის გუნდმა „ლოკომოტივი“ დაამარცხა და უახლოეს მდევართან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 

ტურის დასკვნით შეხვედრას 24 სექტემბერს ქუთაისი უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ქართული დერბი“ გაიმართება. დერბის მნიშვნელობასთან ერთად „ტორპედოსა“ და „დინამოს“ მოახლოვებულ დაპირისპირებას უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. დინამოელები 57 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობენ, ტორპედოელები კი, 51 ქულით მეორეზე არიან. ბოლო პერიოდში დედაქალაქელები ფორმიდან ამოვარდნენ და ზედიზედ ორი ტურია ქულებს კარგავენ. ეს ფაქტი უშუალო კონკურენტი „ტორპედოსთვის“ კარგი შანსია ყველაზე პრინციპულ მეტოქეს დაეწიოს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.