კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ტორპედომ და სამტრედიამ ლიდერთან სხვაობა შეამცირეს

16-17 სექტემბერს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

პირველ მატჩში „სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ორმხირივი შეტევებით წარიმართა, მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი კი, სამტრედიელთა აქტიურობით განახლდა და 49-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ნიკოლოზ საბანაძის დარტყმულ ბურთს მიმართულება ანტე გიიმ შეუცვალა და ასე აღმოჩნდა რევაზ თევდორაძის კარში. გატანილი გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა იმერლებმა მოიპოვეს, ბურთს ისინი აკონტროლებდნენ და ლოკო ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. ანგარიში 68-ე წუთზე გათანაბრდა. გიორგი დიასამიძის გამოზომილი გადაცემის შედეგად დასწრებაზე კარგად ირაკლი სიხარულიძემ ითამაშა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეტევაში უფრო აქტიურად „სამტრედია“ თამაშობდა. ამ აქტიურობამ კი, შედეგი მატჩის მიერ კონპენსირებულ დროში გამოიღო. ანტე გიიმ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. 

დამაჯერებელად მოიგო ქუთაისის „ტორპედომ“. ქუთაისური კლუბი სტუმრად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-14 წუთზე გიორგი ქიმაძემ, მეკარის შეცდომით ისარგებლა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. სწრაფმა გოლმა ტორპედოელებზე დადებითად იმოქმედა და მათ კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს. 22-ე წუთზე ლევან კუტალიას გამოზომილი გადაცემის შედეგად ბექა ტუღუშმა ბათუმელებს მეორე გოლი გაუტანა. პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 36-ე წუთზე დაფიქსირდა -   გიორგი კუხიანიძემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად. მეორე ტაიმი ანალოგიური სცენარით წარიმართა. „ტორპედო“ სრულ უპირატესობას ფლობდა და თამაშის მიწურულს კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის კარი. 83-ე წუთზე ვოლოდიმირ კორობკამ ქუთაისელთა რიგებში სადებიუტო გაიტანა. 87-ეზე კი, ბექა ტუღუშის ეფექტური გადაცემის შედეგად გიორგი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

დაძაბული გამოდგა საჩხერის „ჩიხურასა“ და ფოთის „კოლხეთის“ შეხვედრა, რომელიც ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მოგება ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა და ეს ფაქტორი მატჩის მიმდინარეობაზე აისახა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მეორეში კი, ფოთელებმა თამაშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-10 წუთზე, ლევან კაკუბავას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა. შეხვედრა „ჩიხურას“ შეტევებით გაგარძელდა და ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლი გავიდა. 37-ე წუთზე პაპუნა ფონიავას გადაცემით გიორგი გაბედავამ გაიტანა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გაიყვანა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „კოლხეთმა“ მეორე ნახევარი აქტიური შეტევებით განაახლა და 49-ე წუთზე სხვაობის შემცირება მოახერხა. ვარლამ კილასონიას შესრულებული საჯარიმო ზურაბ მწყერაშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ალეკსანდრ დერებჩინსკიმ დაასწრო და ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია. ორივე გუნდის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ გამარჯვებით „ჩიხურამ“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

ბათუმის „დინამოს“ მარცხით კარგად ისარგებლა და გადათამაშების ზონას თავის დააღწია გორის „დილამ“. გორელები სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე გავიდა, ირაკლი ძარიამ გიორგი სომხიშვილის შეცდომით ისარგებლა და დაუცველ კარში მარტივად გაიტანა. ამ გამარჯვებით გიორგი დარასელიას გუნდმა 28 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და უშუალო კონკურენტ „დინამოს“ ორი ქულით უსწრებს. 

ბოლო შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ საკუთარ სტადიონზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და ამ გუნდთან ისტორიაში პირველად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 26-ე ტურის მატჩამდე საბურთალოელებს დინამოელთათვის გოლიც არ ჰქონდათ გატანილი. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის გია ჭიაბრიშვილის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარვებით 4:1 დასრულდა. პირველი ნახევრის რამდენიმე წუთიანი მონაკვეთის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ „საბურთალომ“ მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა. მატჩი სწრაფი გოლი დაიწყო, მე-4 წუთზე დავით ვოლკოვის დარტყმული ნუკრი რევიშვილმა ვერ მოიგერია და საბურთალოელები ასე დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ „დინამო“ გააქტიურდა. კახაბერ კაჭარავას გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე მწვავედ შეუტია. დინამოელებმა ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრეს, საჯარიმოში შეჭრილმა ბაქარ ქარდავამ კარის გასწვრივ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და შეტევაში ჩართულმა ლაშა თოთაძემ ცარიელ კარში გაიტანა. „საბურთალომ“ მეორედ დაწინაურება და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება პირველივე ნახევარში შეძლო. 37-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ დინამოელთა საჯარიმოსთან წარმოქმნილი არეულობით ვლადიმერ მამუჩაშვილმა ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. საბურთალოელთათვის მეორე ტაიმის სტარტიც წარმატებული გამოდგა. 49-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ამ მომენტის შემდეგ თამაშის მიმდინარეობას სრულად „საბურთალო“ აკონტროლებდა. საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე დაფიქსირდა. „დინამოს“ დაცვის მორიგი შეცდომით ამჯერად გიორგი ხარაიშვილმა ისარგებლა და გამოზომილი დარტყმით დაბალ კუთხეში გაიტანა. 

ეროვნული ლიგის მორიგი, 27-ე ტურის, მატჩები 22, 23 და 24 სექტემბერს გაიმართება.

ფოტო - www.fctorpedo.ge