ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის მატჩები 25, 26 და 27 აგვისტოს გაიმართება.
ტურის პირველი შეხვედრები 25 აგვისტოს შედგება. საჩხერის „ჩიხურა“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. ორივე გუნდი საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და სეზონის ბოლოს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ადგილთან ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს და მიზნის მისაღწევად ორივე კლუბს დიდი ბრძოლა მოუწევს. საბურთალოელები მოახლოვებულ შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან, გია ჭიაბრიშვილის გუნდი ბოლო ოთხი ტურია დაუმარცხებელია. განსხვავებული მდგომარეობაა იმერელთა მხარეს, საჩხერლებმა უკანასკნელი ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს.
პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. მიუხედავად პატარ-პატარა ჩავარდნებისა თბილისური კლუბი წარმატებულ სეზონს ატარებს და 36 ქულით მეოთხე ადგილზეა. გუნდმა გასულ ორ ტურში მნიშვნელოვანი 6 ქულა მოიპოვა და ევროტურნირებზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ქობულეთელებს მიმდინარე სეზონში რადიკალურად განსხვავებული მიზანი აქვთ. გიორგი შაშიაშვილის გუნდი ბოლო, მეათე ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „შუქურამ“ ბოლო ორი შეხვედრა უშუალო კონკურენტებთან გამართა. ქობულეთელებმა ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხეს და ლიგაში დარჩენის შანსები თითქოს გაიუმჯობესეს, მაგრამ მომდევნო მატჩში აჭარულ დერბიში ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდნენ და კვლავ ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატებად რჩებიან.
26 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე იმერულ დერბიში ერთმანეთს ადგილორივი „სამტრედია“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეხვდებიან. დერბის მნიშვნელობასთან ერთად მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. ქუთაისელები 47 ქულით მეორე ადგილზე არიან, სამტრედიელები კი, 44 ქულით მესამეზე. ორივე კლუბი ამ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ პირობებში ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდებს შორის გამართული ორივე შეხვედრა „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა პირველ მატჩში 2:0 იმარჯვა, მეორეში კი - 2:1. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გულშემატკივრებს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელით.
არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართება ბათუმის „რაგბი არენაზე“, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „დინამო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან. თბილისელები გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ და ამ ეტაპზე ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს არიან. დედაქალაქელთაგან განსხვავებით კი, ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან. გუნდების სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად ბათუმური და თბილისური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული შეხვედრებით გამოირჩევა და მოსალოდნელია, რომ გამონაკლისი არც 26 აგვისტოს გასამართი მატჩი იქნება. თანაც გასული ტური ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა და მოახლოვებულ შეხვედრას ორივე მათგანი კარგ განწყობაზე ხვდება.
24-ე ტური 27 აგვისტოს გორის „დილასა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირებით დასრულდება. კლუბები უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს ამ ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი როლი მიენიჭოს. გორელები 22 ქულით მერვე ადგილზე არიან, ფოთელებს კი, 19 ქულა აქვთ და მეცხრე პოზიციას იკავებენ. „დილას“ 6 მატჩიანი წაგებათა სერია აქვს, „კოლხეთს“ კი, უკვე 9 მატჩია არ მოუგია. როგორც ხედავთ ორივე გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და დასახული მიზნის მისაღწევად მათ უახლოეს შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდებათ.
ფოტო: www.fcsamtredia.com