კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

დათა სიჭინავა: ჯაბულანის მოყვარული საუკეთესო დამრტყმელი 

მისი ჯარიმა პენალტივითაა, გოლების უმრავლესობა – შორეული და ლამაზი. ის ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ნახევრის საუკეთესო მოთამაშეა – დათა სიჭინავა.


“რუსთავის” შემტევმა ნახევარმცველმა 22 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავას სიონელ ჯაბა დვალთან ერთად ლიდერობს. ამ გოლებიდან 8 ჯარიმიდან გაიტანა. ამას გარდა, თასზეც მოახერხა თავის გამოჩენა. 


დათა სიჭინავა ჩვენი სტუმარია და საინტერესოა, გავიგოთ, როდის ისწავლა ასეთი დარტყმა, როგორ დახვეწა ჯარიმები თუ კუთხურები...

- სეზონი პირადად შენთვისაც წარმატებით მიდის და გუნდისთვისაც - “რუსთავი” ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო თავად ბომბარდირთა სათავეში ხარ და პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედაც გაღიარეს...


 - როდესაც შევიტყვე, რომ საუკეთესო გავხდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეროვნულ ლიგა 2-ში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. გამიხარდა, არჩევანი ჩემზე რომ შეაჩერეს. შრომა და მონდომება რომ დაგიფასდება, ეს ერთი მხარეა, მეორე კი ისაა, რომ დიდი სტიმული გეძლევა.


- უფრო კონკრეტულად?


- როდესაც გაფასებენ და ასეთ საპატიო პრიზს სტადიონზე, ხალხის წინ გადმოგცემენ, სხვაგვარად მონდომებული ხდები. მთავარი ისაა, რომ გამორჩეულ მოთამაშეებს ყურადღებას გვაქცევენ და ადრინდელივით ქვედა ლიგის ამბებს მხოლოდ ვიწრო წრე არ იგებს. ეს ყურადღება ძალიან გვჭირდებოდა. მეორეს მხრივ, ელემენტარული საკითხია – აღიარების შემდეგ გუნდებიც და მენეჯერებიც მეტ ყურადღებას გაქცევენ.


- ანუ საუკეთესო მოთამაშის პრიზის გადმოცემის შემდეგ წინადადებები მიიღე?


- არც უამისობაა. რა თქმა უნდა, ყურადღება და მიწვევები გამიხარდა. მაგრამ სუფთა ადამიანური მომენტი იყო – ეროვნული ლიგის გუნდში თამაში სეზონის დასაწყისშიც შემომთავაზეს და ახლაც. საკმაოდ კარგი გუნდები შემეხმიანენ. მაგრამ “რუსთავს” ვერ მივატოვებდი ვერც მაშინ და ვერც ახლა – ეს კლუბი გვერდში ისეთ დროს დამიდგა, ჩემგან მიტოვება სწორი საქციელი არ იქნებოდა. შეგნებულად არაფერს ვამბობ იმაზე, რომ “რუსთავთან” კონტრაქტი მაკავშირებს. აქ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური მომენტია, რაც ჩემთვის ყველანაირ კონტრაქტზე მაღლა დგას. შუა სეზონში ტრანსფერზე ფიქრით გონება არ მინდა დავიმძიმო და ავირიო. თორემ, რომ ვთქვა, ეროვნულ ლიგაში თამაში არ მინდა-მეთქი, ტყუილი იქნება. სეზონი დამთავრდება და მერე დავფიქრდები, სად ვითამაშო.


- სეზონს “რუსთავიც” კარგად ატარებს და ეროვნულ ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.


- მეც მჯერა, რომ ეს რეალურია. ამის პოტენციალი გაგვაჩნია. ეროვნული ლიგა-2 წლეულს ძალიან დაძაბულია და ამის მიუხედავად, დამაჯერებლად გამოვიყურებით. 


- საჯარიმო დარტყმებზეც გადავიდეთ. 8 გოლი ჯარიმიდან გაიტანე, რამდენიმეც სათამაშო ეპიზოდიდან, მაგრამ საკმაოდ შორიდან...


- ეს ყველაფერი ვარჯიშის შედეგია. ბავშვობიდან ძლიერი დარტყმა მქონდა და რადგან დელ პიეროს ფანი ვიყავი, ჯარიმის შესრულების სურვილი მისი მიბაძვით გამიჩნდა. მოგვიანებით, რომ წამოვიზარდე, უმაღლესი ლიგის გუნდში მოვხვდი და ჩემპიონატში დავით მუჯირის დარტყმები ვნახე, სურვილი გამიმძაფრდა – რაღაც საოცარი ძალით ურტყამდა. ფოთის “კოლხეთში” ბაზაზე ცხოვრება მიწევდა და სხვა რა საქმე მქონდა, თავისუფალ დროს სულ დარტყმებზე და კუთხურებზე ვვარჯიშობდი. რამდენჯერმე ჯარიმიდან რომ გავიტანე, ვარჯიშის სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა. მერე ქუთაისის “ტორპედოშიც” ბაზაზე ვცხოვრობდი და იქ კიდევ უფრო დავიხვეწე. დღემდე “რუსთავშიც” ასე ვარ, მოედანი დაკავებული თუ არაა, დარტყმაზე ვვარჯიშობ. 


- ყველაზე შორიდან გატანილი თუ გახსოვს?


- ფოთის “კოლხეთში” ვიყავი, პირველ ლიგაში, დაახლოებით, 35 მეტრიდან გავიტანე. მეორედ ასეთი რამ “ტორპედოში” მოვახერხე, როდესაც დაახლოებით იგივე მანძილიდან “საბურთალოს” გავუტანე. სხვათა შორის, ერთხელ - მაშინაც “კოლხეთში” ვიყავი - “ცხინვალს” 2 გოლი გავუტანე. ჯერ ჯარიმით, მერე კი კუთხურიდან. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. თუმცა, კუთხურიდან მანამდეც გამიტანია. 


- ზოგჯერ ისე შორიდან ურტყამ, ბევრი ამას ვერ გაბედავს. ამ დროს მეკარის მოძრაობას აკვირდები?


- მთავარი ეს არის, სად დგას მეკარე და ღირს თუ არა დარტყმა.


- და რა დროს არ ურტყამ?


- თუ მარცხენა ფეხი გამითავისუფლდება, უმეტესად ვურტყამ.


- საუკეთესო რომელი ბურთია?


- კაცობრიობას “ჯაბულანზე” უკეთესი ბურთი არ დაუმზადებია.


- რატომ?


- არარეალური ტრაექტორიით მიფრინავდა. მეკარეებს არ უყვარდათ და ჩემთვის გამორჩეული იყო.


- “ჯაბულანი” აღარ მზადდება, მაგრამ გოლები მაინც გაგაქვს...


- სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციამ გუნდებს “ადიდასები” რომ დაგვირიგა, ესეც კარგი ბურთია. 


- წლეულს გატანილებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?


- “გაგრას” 2:1 რომ მოვუგეთ. ეს ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო. ვაგებდით და ეს გოლი ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა.