18, 19 და 20 აგვისტორს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ბათუმის „რაგბი არენაზე“ აჭარულ დერბიში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“ დაუპირისპირდენ. შეხვედრის სატურნირო მნიშვნელობიდან გამომდინარე სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. ანგარიში მე-2 წუთზე ბათუმელებმა გახსნეს მირზა ფარტენაძის ჩაწოდების შემდეგ იაროსლავ კვასოვმა თავით ვერ დაარტყა, მაგრამ ბურთი ანზორ სუხიაშვილს მიუვიდა და გამოცდილ მცველს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ სუხიაშვილის მიერ გატანილი გოლი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-300 გამოდგა. შეხვედრა ბათუმელთა შეტევებით გაგრძელდა და 33-ე წუთზე იაროლავ კვასოვმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. პირველი ნახევრის დასრულებმადე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს, 44-ე წუთზე თემურ ჩოგაძის მოწოდებული კუთხურის შედეგად თავური დარტყმით ნიკა მგელაძემ გაიტანა და „დინამო“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. „შუქურამ“ შეხვედრის განახლებისთანავე მოახერხა ანგარიშის შემცირება - 46-ე წუთზე გიორგი კახელიშვილის გადაცემის შემდეგ დავით ჩაგელიშვილმა გაიტანა. სწრაფმა გოლმა ქობულეთელებზე დადებითად იმოქმედა და გიორგი შაშიაშვილის გუნდმა აქტიურად შეუტია. სტუმართა მცდელობებმა შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო, მარსელინიომ შორეული დარტყმით გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში გოლის გატანის საშუალება ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამომ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო.
თბილისის „საბურთალომ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას საბურთალოელები ფლობდნენ, მეორე ტაიმში კი, სამტრედიელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და თამაშს ისინი აკონტროლებდნენ. ანგარიში „საბურთალომ“ გახსნა, მე-19 წუთზე ლაშა შინდაგორიძის ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე კარგად დავით ვოლკოვმა ითამაშა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა. გოლის გარდა მასპინძლებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს. სამტრედიელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის სტარტზევე აღადგინეს. 52-ე წუთზე გიული მანჯგალაძის დარტყმული საჯარიმო ხარიხამ მოიგერია, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას ნიკოლოზ საბანაძემ დაასწრო და დაუცველ კარში გადაგზავნა. გოლის შემდეგ „სამტრედიამ“ უფრო აქტიურად შეუტია, მაგრამ იმერელთა მცდელობები უშედეგო გამოდგა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ზედიზედ ორი ვერ მოგებული შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის „ტორპედომ“. იმერულმა კლუბმა საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ქუთაისელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და გორელები ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ. ანგარიში „დილამ“ გახსნა, 34-ე წუთზე გიორგი პაპავას შორეული დარტყმული როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ მეკარემ დამატებაზე ნუბიოს ვეღარ აჯობა და 0:1. მიუხედავად ტორპედოელთა რამდენიმე მცდელობისა, პირველ ნახევარში ანგარში არ შეცვლილა. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა. გიორგი კუხიანიძემ 48-ე წუთზე ჯერ პენლატიდან გაიტანა შემდეგ კი, 50-ეზე საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაურტყა მიხეილ მუჯრიშვილს და „ტორპედო“ წინ გაიყვანა. მატჩი ტორპედოელთა აქტიურობით გაგარძელდა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტიs შექმნა გორელებმაც მოახერხეს. საბოლოოდ „ტორპედომ“ ანგარიში შეინარჩუნა და აქტივში მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლოკოს სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელთა შემტევებს მომენტები, რომ გამოეყენებინათ ანგარიში ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა. პირველი გოლი დედაქალაქელებმა გაიტანეს. მე-20 წუთზე გიორგი დიასამიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილის თავური ფოთელმა ფეხბურთელმა კარის ხაზიდან გამოიტა, მაგრამ დამატებაზე ბურთთან პირველი ირაკლი სიხარულიძე გაჩნდა და ცარიელ კარში გაიტანა. ლოკოს დიდი უპირატესობის მიუხედავად „კოლხეთმა“ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. 39-ე წუთზე სანდრო ბახიას ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით ალეკსანდრ დერბჩინსკიმ გაიტანა და 1:1. პირველი ნახევარი ამავე ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. პირველივე წუთებიდან „ლოკომოტივმა“ მწვავედ შეუტია და 50-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში ორივე გუნდის აქტიურობის მიუხედავად, გავაშელიშვილის გოლი აღნიშნულ შეხვედრაში საბოლოო გამოდგა. ამ გამარჯვებით გიორგი დევდარიანი გუნდმა მეოთხე ადგილი განიმტკიცა და სამეულისთვის ბრძოლას განაგრძობს.
23-ე ტურის ბოლო და ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო არენაზე“ ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამაჯერებლად 5:0 იმარჯვეს. შეხვედრის პირველი ნახევარი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა. თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელებმა ანგარიშის გახსნა პირველივე ნახევარში მოახერხეს. 34-ე წუთზე აკაკი შულაია გამჭოლი გადაცემის შედეგად ბურთი საკუთარ კარში თორნიკე გრიგალაშვილმა ჩაჭრა. მეორე ტაიმში გულშემატკივარმა განსხვავებული თამაში იხილა. დინამოელებმა ტემპს მოუმატეს და ორწუთიან მონაკვეთში მეტოქე ორჯერ გაუტანეს. ჯერ 53-ე წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა, შემდეგ კი, ლევან გეგეჭკორის გადაცემით მიქელთაძემ მოახერხა ზურაბ მწყერაშვილის კარის აღება. ამის შემდეგ „დინამო“ სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს მის კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. დინამოელებმა თამაშის ტემპი არ დააგდეს და მატჩის დასრულებამდე კიდევ ორჯერ გაიტანეს. 74-ე წუთზე აკაკი შულაიას გადაცემით ბექა მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა. 82-ეზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ქოჩლაძემ მეხუთედ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნული ლიგის მომდევნო 24-ე ტურის მატჩები, 25, 26 და 27 აგვისტოს გაიმართება. ამ ტურის შემდეგ კი, ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება.
ფოტო: www.dinamobatumi.com