ეროვნული ლიგის პირველი და მეორე წრე დინამო თბილისმა წარმატებულად ჩაატარა.
ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში სეზონის წინ ბევრი რამ შეიცვალა – გუნდის შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, ხოლო ამ საპასუხისმგებლო პერიოდში მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა მიიწვიეს – ადამიანი, რომელსაც დინამოში არაერთი წელიწადი გაუტარებია როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში.
ბუნებრივია, დინამოს წარმატებაში მისი როლი განსაკუთრებულია. სეზონის პირველი ნახევრის კაჭარავასეული შეფასება და მისი ხედვები ხვალინდელი დინამოს შესახებ ასეთია:
მოულოდნელი დაბრუნება
დინამო ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირფასია. რამ გადამაწყვეტინა დაბრუნება? დინამოს და ჩემი საქმის სიყვარულმა. არ დაგიმალავთ, შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თანაც, ისეთ დროს მივიღე წინადადება, სეზონის დაწყებას ბევრი აღარაფერი აკლდა. ასეთ დროს გუნდის ჩაბარება განსაკუთრებით რთულია, მაგრამ დინამოში მუშაობა იმხელა გამოწვევაა, პასუხზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია.
განვლილი წლები
ჩემი სამწვრთნელო კარიერა, ფაქტობრივად, დინამოში დაიწყო. აქედან წასვლის შემდეგ რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოვიცვალე, ყველაზე დიდხანს კი ცხინვალში ვიმუშავე. გუნდი საკმაოდ რთულ პერიოდში ჩავიბარე, გავარდნის რეალური კანდიდატი რომ იყო, მაშინ. წავედი რისკზე, გავრისკე ჩემი სახელითა და ავტორიტეტით და მივიღე ეს გამოწვევა. ფეხბურთელების დიდი დამსახურებითა და სამწვრთნელო შტაბის მონდომებით, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ, წლიდან წლამდე ვპროგრესირებდით. ცხინვალი უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საინტერესო გუნდად იქცა და რაც მთავარია, ევროთასების საგზური მოიპოვა. ისტორიაში ჩაიწერება, რომ ევროპა ლიგაზე ითამაშა ცხინვალმა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს. წლების შემდეგ კი მჯერა, რომ გუნდი ცხინვალი საშინაო მატჩებს ცხინვალში ჩაატარებს და სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშებს.
ახალი კურსი
რომან ფიფიასთან ვრცლად ვისაუბრე მომავალი დინამოს შესახებ. შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ოპტიმალური ნაბიჯი გუნდის გაახალგაზრდავება და აქცენტის ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთება იქნებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგ ლეგიონერებზე უარს ვიტყვით. მაგალითად, აშკარად გვაქვს მარჯვენა მცველის პრობლემა და შესაძლოა, ეს დეფიციტი სწორედ უცხოელი ფეხბურთელით შევავსოთ.
დღეს ძნელია, საქართველოში ყველა პოზიციაზე ორ-ორი ძლიერი კადრი მოძებნო. დინამო თბილისს რომ ამბიციები უნდა ჰქონდეს, ამაზე საუბარიც ზედმეტია. დინამო არ არის რიგითი ქართული კლუბი და ამას მისი თითოეული წევრი კარგად უნდა აცნობიერებდეს. გუნდი შენების პროცესშია, გამოიკვეთა რგოლები, სადაც პრობლემებია. თუმცა არ ვიტყოდი, რომ პრობლემა ბევრი გვაქვს. ამ ახალგაზრდა ბიჭებს ვენდობი. დიდ როლს თამაშობს დინამოს აკადემია, რომელიც მთავარი გუნდისთვის უკვე დიდი მოკავშირეა. ვფიქრობ, დინამო სწორი მიმართულებით მიდის
ორი წრის შემდეგ
სეზონის სტარტზე გვქონდა ჩავარდნა, რასაც თავისი ახსნა აქვს. ფეხბურთელები ადაპტაციის პროცესს გადიოდნენ, რამაც, საბედნიეროდ, დიდხანს არ გასტანა. თითოეულმა ჩვენგანმა შეცდომებისგან სათანადო დასკვნები გამოიტანა და ამის შემდეგ დავამტკიცეთ, რომ ტყუილად არ გვაქვს საჩემპიონო ამბიციები.
სირთულეების გადალახვა კი ფეხბურთისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ეს აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ხასიათის საოცარი სიმტკიცე გამოავლინეს.
ჩემპიონატის ახალი ფორმატი
მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც შეცდომის აღიარება არ შეუძლია. წლების წინ ვამბობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, უმაღლეს ლიგაში რაც შეიძლებოდა მეტ გუნდს ეთამაშა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ ამჟამინდელი სისტემა იდეალურია – დაძაბულობა გაზრდილია, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხის ამაღლებამდე.
ამის მიღწევას კი ინფრასტრუქტურის მოწყობა დააჩქარებს. არიან გუნდები, რომლებსაც საკუთარი სტადიონები არ აქვთ, ბევრგან მოედნის ხარისხიც დაბალი დონისაა, თუმცა მთავარია, რომ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მზადყოფნას ვგრძნობ, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს.
კონკურენტები
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეროვნული ლიგის აბსოლუტურად ყველა გუნდი არის ჩვენი კონკურენტი. საქართველოს ჩემპიონატში იოლი მეტოქე, უბრალოდ, არ არსებობს. ადვილი თამაში არც აქამდე გვქონია და არც შემდგომში ველი. დინამოს მიზანი კი ყოველთვის უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვება. მეტოქეებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გვსურს, მათთან სამართლიან ბრძოლაში შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა.
გამორჩეული ფეხბურთელები
არ მინდა რომელიმე დინამოელის გამოყოფა, რადგან თითოეული მათგანი მაქსიმალურად იხარჯება გუნდის წარმატებისთვის. ბუნებრივია, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრების აქვთ ამის უფლება და ისედაც ჩანს, ვინ რას ქმნის მოედანზე.
მე მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გუნდისთვის. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი. დინამოს ფეხბურთელი ყოველმხრივ გამორჩეული უნდა იყოს, როგორც მოედანზე, ასევე ცხოვრებაში. უნდა იყოს როგორც მაღალი დონის ფეხბურთელი, ასევე საზოგადოების გამორჩეული წევრი.
დინამო და ევროთასები
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა დინამომ ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე. ახალგაზრდა ფეხბურთელი საერთაშორისო ოფიციალურ მატჩებზე იზრდება და კარგი იქნებოდა, ამის საშუალება გვქონოდა. მერწმუნეთ, ეს ბიჭები თავს არ შეირცხვენდნენ.
მთელი სულითა და გულით ვუქომაგებ ევროთასებზე გასულ ოთხივე ქართულ კლუბს, რადგან მათი წარმატება მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატება იქნება. მომავალ წელს კი დინამო ნამდვილად არ დააკლდება საერთაშორისო სარბიელს და მჯერა, თავის სიტყვას იქაც იტყვის.
ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ეს არის. ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტაბილურობისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ შემდეგი ზაფხულისთვის ამ მხრივაც გვექნება წინსვლა. იანვრისთვის უკვე ჩამოყალიბებული იქნება ის ბირთვი, რომლებიც მომავალ ევროსეზონზე დაიცავენ გუნდისა და ქვეყნის ღირსებას. დროა, ევროთასებზე მხოლოდ მონაწილეობას არ დავჯერდეთ.
საზაფხულო გეგმები
ერთი სასიამოვნო თავისტკივილი გვაქვს – დინამოს ფეხბურთელები ყველა ასაკოვრივ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ამიტომაც შეკრებაზე სრული შემადგენლობით ვერ წავალთ. 29 ივნისიდან 13 ივლისამდე სლოვენიაში ვიქნებით და იქ გავივლით შეკრებას. სპარინგ-პარტნიორების ვინაობას მოგვიანებით დავადგენთ, სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი საკმაოდ სოლიდურია. დინამოს შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ იქნება, მხოლოდ პრობლემურ პოზიციებს გავაძლიერებთ.
სანაკრებო ივნისი
ტრავმირებულთა სიმრავლემ ჩვენი ეროვნული ნაკრები ძალიან დააზარალა. დარწმუნებული ვარ, ოპტიმალური შემადგენლობით რომ გვეთამაშა, მოლდოვასთან აუცილებლად გავიმარჯვებდით. კიშინიოვში განახევრებული გუნდით ვითამაშეთ და ამის მიუხედავად, სამ ქულას სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით. ამას მხოლოდ იმის გამო არ ვამბობ, რომ მსაჯმა მასპინძლებს არარსებული გოლი ჩაუთვალა.
ორი ბურთით ვაგებდით და ბიჭებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, მეტიც, გამარჯვების შანსიც გვქონდა. ეს უკვე პროგრესის ნიშანია. მეორე ტაიმში მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც მწვრთნელისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.
ზოგადად კი, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარეშე ნაკრების პროგრესი წარმოუდგენლად მიმაჩნია.
ნიკა კაჭარავას შესახებ
ნიკას ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ. ჩემი შვილია და ყველაზე მეტად მე ვხედავ, რა უნდა გააკეთოს წინსვლისა და პროგრესისთვის. მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო როგორც კვიპროსში წასვლა, ასევე უკვე იქიდან წამოსვლა. მან დიდ ხელფასს ფეხბურთის თამაში არჩია და ეს ძალიან მახარებს. ეს უკვე პროფესიონალის ნაბიჯია და ძალიან მსიამოვნებს. უახლოეს ერთ წელიწადში მისგან დიდ პროგრესს ველი. საამისოდ მონაცემებიც უწყობს ხელს და ხასიათიც. ნიკა მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს.
აი, ჩემთვის პროფესიონალიზმის მაგალითი ზაზა ფაჩულიაა. ფული წარმავალია, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი კი ქართველებს არასდროს დაგვავიწყდება. ტიტულსა და გულშემატკივრების სიყვარულს ვერასდროს იყიდი!
© www.eliga.ge