კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ქართული დერბი ლიდერს გამოავლენს

20-21 ივნისს, ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართება და ამით გათამაშების მეორე წრე დასრულდება.

20 ივნისს ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. მატჩს ივანწმინდის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს. გუნდები განსხვავებულ ფორმაში არიან. ზედიზედ წაგებული თამაშების შემდეგ საჩხერელები შედარებით სტაბილურად ათამაშდნენ და ხუთეულში ადგილი დაიმკვიდრეს. ლოკო კი, პირიქით ფორმიდან ამოვარდა და მეორე წრეში გამართული რვა შეხვედრიდან გუნდმა ექვსი მატჩი წააგო და მხოლოდ ორჯერ მოიგო. შესაბამისად დედაქალაქელებმა პოზიციები დათმეს და ლიდერთა სამეულიდან მეხუთე ადგილზე დაქვეითდნენ. აღნიშნული მდგომარეობის მიუხედავად გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, „ჩიხურა“ 26 ქულით მეოთხეა, „ლოკომოტივი“ კი, 24 ქულით მეხუთე. სატურნირო სიტუაციის გათვალისიწნებით შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის. 

ამავე დღეს „სამტრედია“ საკუთარ „ეროსი მანჯგალაძეზე“ გორის „დილას“ მიიღებს. მოახლოვებულ შეხვედრას ორივე გუნდი კარგ განწყობაზე ხვდება. ორივე მათგანმა გასულ ტურში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები განიმტკიცა. სამტრედიელებმა სტუმრად თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხეს 1:0, გორელებმა კი, „შუქურას“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად 4:0 იმარჯვეს. „დილა“ სამეულში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს და ამ მიზნის მისაღწევად ქართლელებს დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენება სჭირდებათ. თავისმხრივ „სამტრედიაც“ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ქულების დაკარგვა არც მათ გეგმებში შედის. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გულშემატკივარს საინტერესო შეხვედრა ელის.

მეთვრამეტე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება. 

გამოკვეთილი აუტსაიდერი ქობულეთის ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებს. კარგი პერიოდი არც საბურთალოელებს უდგათ. თბილისელები უკანასკნელ ხუთ ტურში ოთხჯერ დამარცხდნენ და მხოლოდ ერთხელ მოიგეს. ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზე აისახა და გია ჭიაბრიშვილის გუნდი მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, ქობულეთელბმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშის ხარისხი შედარებით გამოასწორეს და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ოპტიმალურ ფორმაში მაინც ვერ შევიდნენ და ეროვნული ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად ითვლებიან.

მეორე წრის ბოლო შეხვედრას ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე გამართავს. კონსტანტინ ფროლოვის გუნდი „რაგბი არენაზე“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. გუნდებს თანაბარი 16-16 ქულა აქვთ და ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან. სეზონის სტარტზე „დინამო“ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას სიტუაცია შეიცვალა და ახლა აჭარულ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის უწევს ბრძოლა. ანალოგიური მდგომარეობაა ფოთელთა მხარესაც. გელა სანაიას გუნდი ჩემპიონობის ფავორიტი არ ყოფილა, თუმცა „კოლხეთი“ ყველასთვის უხერხულ მეტოქეა და ეროვნული ლიგის საწყის ტურებში საკმაოდ შედეგიანადაც ასპარეზობდა. 

მეორე წრე ქართული ფეხბურთის ყველაზე პრინციპული დაპირისპირებით დასრულდება. „დინამო არენა“ ქართულ დერბის უმასპინძლებს. თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ მატჩს შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. დედაქალაქელები მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ და ამასთან ერთად ლიგაში ყველაზე მეტი, 40 გოლი აქვთ გატანილი. ქუთაისელებს კი, შთამბეჭდავი წაუგებელი სერია აქვთ. კახაბერ ჩხეტიანის გუნდი ზედიზედ რვა შეხვედრაა არ მარცხდება. ამ რვა მატჩიდან „ტორპედომ“ შვიდი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ქუთაისური კლუბი ბოლოს სწორედ „დინამოსთან“ დამარცხდა. დერბის ტრადიციულ მნიშვნელობასთან ერთად მოახლოვებულ შეხვედრას უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. თბილისურ და ქუთაისურ კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. დინამოელები 40 ქულით პირველ ადგილზე არიან, ტორპედოელებს კი, 37 ქულა აქვთ და მეორე ადგილს იკავებენ.