23-24 მაისს ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტურის პირველ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა. ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. მოლოდინისამებრ საინტერესო მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველი ნახევარი ლოკოს უპირატესობით წარიმართა, სტუმრები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ. კარგი შანსები ჰქონდათ ირაკლი სიხარულიძესა და რატი არდაზიშვილის, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თბილისელებს სიზუსტე არ ეყოთ. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა, ორივე გუნდი უფრო აქტიურად უტევდა და გულშემატკივარებმა გოლებიც იხილეს. ანგარიში 49-ე წუთზე „ლოკომოტივმა“ გახსნა. ნოდარ ქავთარაძემ დავით უბილავას წამოწყებული სწრაფი იერიში კარგად გაარძელა და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. „კოლხეთმა“ წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. 54-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის მოწოდებული კუთხურის შედეგად შოთა კერძევაძემ ნახტომში დაარტყა და რევაზ თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა. ფოთელებმა გამარჯვების მომტანი გოლიც მალევე გაიტანეს. არფანგ დაფემ სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო, გამოზომილი პასით მეკარესთან პირისპირ მიკოლა კოვტალიუკი დატოვა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
მოგებათა სერიას აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო“. ქუთაისელები ამჯერად გორის „დილას“ დაუპირისპირდნენ და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს. მატჩი იმერელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ გორელებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ანგარიში შეხვედრის სტარტზევე გაიხნსა. მე-8 წუთზე გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ თორნიკე კაპანაძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა. გოლის შემდეგ შეხვედრა არც თუ ისე მაღალ ტემპში გაგრძელდა და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, „ტორპედოს“ ორი კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა. ორივე შემთხვევაში დასარტყმელ პოზიციაზე გრიგოლ დოლიძე იყო. შემტვევს ერთ მომენტში მეკარემ აუღო, მეორედ კი, თავად დაარტყა არაზუსტად. მეორე ნახევარიც იგივე სცენარით წარიმართა, ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ და თამაშსაც ისინი აკონტროლებდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა თორნიკე კაპანაძეს, იმერელთა ბომბარდირი ამჯერადაც აკრობატულ ნახტომში ურტყამდა, მაგრამ მეკარეს ვეღარ აჯობა. „ტორპედომ“ მაინც გაიტანა. 71-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით ქუთაისურ კლუბს 28 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
საჩხერის „ჩიხურამ“ საკუთარ სტადიონზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. საჩხერელებმა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს და ეროვნული ლიგის ლიდერი მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მომენტებიც ძირითადად დინამოელთა კართან იქმნებოდა. ანგარიში 22- წუთზე გაიხსნა. გიორგი კორიფაძის ჩაწოდების შემდეგ ბოგდან მიშენკომ ბურთი უხერხულად მოიგერია, დასწრებაზე კი, კარგად გიორგი განუგრავამ ითამაშა და ერთი შეხებით მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა. „ჩიხურამ“ მალევე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 27-ე წუთზე თერთმეტ მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა. გაშვებული გოლების შემდეგ დედაქალაქელებიც გააქტიურდნენ და მეტოქეს დიდი ძალებით შეუტიეს. ამან შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო. 41-ე წუთზე ბაქარ მირცხულავამ ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა და ამის გამო წითელი ბარათი მიიღო. დანიშნული პენალტი კი, ბაჩანა არაბულმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა. მეორე ნახევარი „დინამოს“ ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ კაცნაკლულმა „ჩიხურამ“ თავი კარგად დაიცვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ამ მარცხით დედაქალაქურმა კლუბმა ათ მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
წარუმატებელი სერია შეწყვიტა ბათუმის „დინამომ“. ქობულეთის „ჩელე არენაზე“ აჭარულ დერბიში ბათუმელები ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, ლევან კუტალიამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი შეასრულა ზუსტად. „დინამოს“ ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. მე-10 წუთზე უგოალა კენედის გამჭოლი გადაცემის შედეგად იაროსლავ კვასოვმა გაიტანა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის შეცვლას, მაგრამ საინტერესო არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარი ბათუმელთა აქტიურობით განახლდა და 53-ე წუთზე მათ დაწინაურებაც მოახერხეს. თავური დარტყმით დუბლი იაროსლავ კვასოვმა გაიფორმა. შეხვედრა „დინამოს“ შეტევებით გაგრძელდა და 64-ე წუთზე ამირან მუჯირის გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახდა. გოლი არჩილ ტვილდიანის ანგარიშზეა. ამის შემდეგ მასპინძლებიც გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. საბოლოოდ 68-ე წუთზე გიორგი არქანიამ ტექნიკურად ითამაშა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და რომან ტაკიძეს ახლო კუთხეში გაუტანა. ქობულეთელებმა ანგარიშის გათანაბრებაც სცადეს, მაგრამ გოლი კვლავ ბათუმელებმა გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. 81-ე წუთზე უგოალა კენედის შორეული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ მიხაილ გორელიშვილი დარჩა და შემტევს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა არ გასჭირვებია.
მეთოთხმეტე ტურის ბოლო და ყველაზე საინტერესო შეხვედრა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივმა „სამტრედიამ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და მიუხედავად მეტოქის საკადრო პრობლემებისა გაჭირვებით იმარჯვა. ანგარიში მე-9 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გიორგი მჭედლიშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზუსტად გიული მანჯგალაძემ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ იმერელთა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორე საჯარიმო გაიტანა. მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და გოლი კვლავ „სამტერდიამ“ გაიტანა. 19-ე წუთზე მანჯგალაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ მეტოქის კარი ნიკა სანდოხაძემ აიღო. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. სტუმრებმა სხვაობის შემცირება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს. 52-ე წუთზე გვარაძე-სოფრომაძის კომბინაცია გიორგი ფანცულაიამ დააგვირგვინა. გატანილი გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობას „საბურთალო“ დაეუფლა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მიუხედავად ამისა გოლი მაინც მასპინძლებმა გაიტანეს. 57-ე წუთზე საკუთარი გუნდი სწრაფი კონტრშეტევა გოლად გიორგი ბერიაშვილმა აქცია. „საბურთალომ“ სხავაობა კიდევ ერთხელ შეამცირა. 67-ე წუთზე ბექა გვარაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ბერიაშვილმა ჩაჭრა. მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. 89-ე წუთზე სამტრედიელებმა პენალტის დარტყმის უფლებაც კი მოიპოვეს, მაგრამ ნიკა სანდოხაძემ სტანდარტი არასწორად შეასრულა და შეხვედრაც უკვე დაფიქისირებული ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ეროვნული ლიგის მომდევნო მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები 27-28 მაისს გაიმართება.