20-21 მაისს, ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.
20 მაისს, გასამართ ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და ქობულეთის „შუქურა“ დაუპირისპირდებიან. აუტსაიდერთა დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მათთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობაქ აქვს. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ქობულეთელები იმყოფებიან. ირაკლი ბალაძის გუნდს ჯერ თამაში არ მოუგია და სამი ქულით ბოლო მეათე ადგილზეა. აჭარული კლუბი უშუალო კონკურენტ ფოთის „კოლხეთს“ შვიდი ქულით ჩამორჩება. ფოთელებმა სეზონი კარგად დაიწყეს თუმცა შემდეგ ასპარეზობა არასტაბილურად გააგრძელეს და სწორედ ამიტომ უწევთ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა.
თბილისის „საბურთალო“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლებს. თბილისელთა და გორელთა დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო შეხვედრები გამოირჩევა. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ხუთჯერ უთამაშიათ. აქედან ორი საბურთალოელებმა მოიგეს, ორი გორელებმა, ერთი მატჩი კი, ფრედ დასრულდა. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში გამართული შეხვედრა „საბურთალოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმ მატჩში ერთადერთი გოლი ვაგნერ გონსალვეშმა გაიტანა. მოახლოვებულ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას ისიც მატებს, რომ სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. თბილისური კლუბი 19 ქულით მეხუთეზეა, „დილა“ კი, 15 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.
საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქუთაისში. „რამაზ შენგელიაზე“ ადგილობრივი „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი კარგად ასპარეზობს და ისინი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან. ქუთაისურ და თბილისურ კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ბოლო ორ ტურში კლუბებმა სრულიად განსხვავებული შედეგი აჩვენეს. ქუთაისელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს, თბილისელებმა კი, პირიქით ორივე შეხვედრა დათმეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ლოკომოტივს“ „ტორპედოსთვის“ 2007 წლის შემდეგ არ მოუგია.
21 მაისს, ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.
მეცამეტე ტურის ცენტრალური დაპირისპირება „დინამო არენაზე“ შედგება. ლიგის ლიდერი თბილისის „დინამო“ მეორე ადგილოსან „სამტრედიას“ დაუხვდება. ორივე გუნდს საკმაოდ დიდი წაუგებელი სერია აქვს. თბილისელებს ათი შეხვედრაა არ წაუგიათ სამტრედიელებს კი, ექვსი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმერლებს აქამდე გასვლაზე ჩატარებული ყველა შეხვედრა მოგებული აქვთ, დინამოელები კი, საკუთარ სტადიონზე მხოლოდ ერთხელ დამარცხნდნენ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გულშემატკივარს ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელით.
ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. გუნდებმა სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ტურებში ფორმიდან ამოვარდნენ და ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. ბათუმელები ზედიზედ სამი ტურია აგებენ და 12 ქულით მერვე პოზიციაზე არიან. არასტაბილური ასპარეზობის გამო დაკავებული პოსტი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ხომერიკმა დატოვა და უახლოესი მატჩებისთვის „დინამოს“ ამირან მუჯირი ამზადებს. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა საჩხერელთა მხარესაც. იმერლებმაც მიყოლებით სამი მატჩი წააგეს, მაგრამ გასულ ტურში „შუქურა“ დაამარცხეს და წარუმატებელი სერია ასე შეწყვიტეს. „ჩიხურას“ 16 ქულა აქვს და მეექვსე ადგილს იკავებს. ეროვნულ ლიგაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აღნიშნული შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ფოტო - www.dinamobatumi.com