13-14 მაისს, ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ფოთის „კოლხეთმა“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. მატჩი ქუთაისელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, დავით ხურცილავას ფლანგური გადაცემის შედეგად საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა, თორნიკე კაპანაძემ „მაკრატელა“ დარტყმით გაიტანა. მატჩი სტუმართა შეტევებით გაგრძელდა, 44-ე წუთზე კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და „ტორპედოს“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში დაფიქსირდა. 53-ე წუთზე გიორგი კუხიანიძის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გიორგი კილასონიამ ჩაჭრა. ამ გამარჯვებით კახა ჩხეტიანის გუნდს 22 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
დრამატული გამოდგა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული თბილისური დერბი, რომელშიც ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას ლოკო ფლობდა და მიუხედავად ორი იძულებითი ცვლილებისა, გიორგი დევდარიანის გუნდმა ტაიმის მოგება მაინც მოახერხა. 30-ე წუთზე გიორგი დიასამიძის ჩაწოდების შედეგად „ლოკომოტივი“ რატი არდაზიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმი „საბურთალოს“ აქტიურობით დაიწყო. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, ლოკომოტიველები კი, კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აგებას. ანგარიში 61-ე წუთზე გათანაბრდა. ეფექტური საჯარიმო დარტყმით ვაგნერ გონსალვესმა გაიტანა. გატანილმა გოლის შემდეგ საბურთალოელებმა კიდევ უფრო დიდი ძალით შეუტიეს და 72-ე წუთზე გონსალვესმა ირაკლი ბიძინაშვილს გაატანინა. ამ გამარჯვებით „საბურთალომ“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, „ლოკომოტივმა“ კი ზედიზედ მეორე შეხვდრა წააგო.
პირველი საშინაო შეხვედრა მოიგო „სამტრედიამ“. იმერულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. მიუხედავად რამდენიმე სახიფათო მომენტისა, შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა, ჯიქია-ბერიაშვილის კომბინაცია გოლად გიორგი დათუნაიშვილმა აქცია. მეორე გოლიც მალევე გავიდა, 57-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გიული მანჯგალაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს „სამტრედიისთვის“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და მიუხედავად არასტაბილური სტარტისა, გუნდი 23 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ოთხ მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა საჩხერის „ჩიხურამ“. საჩხერელები სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და 4:1 დაამარცხეს მეტოქე. იმერული გუნდი დიმიტრი ტატანაშვილმა დააწინაურა. გამოცილმა ფორვარდმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. 35-ე წუთზე ტატანაშვილმა დუბლი გაიფრომა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. „ჩიხურას“ თავდამსხმელმა მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ჰეთ-ტრიკის შესრულებაც მოახერხა და პირველი ნახევარი სოსო ფრუიძის გუნდმა 3:0 მოიგო. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარიც წარიმართა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და გულშემატკივარმაც უფრო სანახაობრივი თამაში იხილა. „ჩიხურამ“ მეოთხედ 58-ე წუთზე გაიტანა, გიორგი კორიფაძის გადაცემის შემდეგ მიშიკო სარდალიშვილმა პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 67-ე წუთზე მოახერხეს. ლევან კუტალიას დარტყმული დინო ჰამზიჩმა მოიგერია, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას კობა შალამბერიძემ დაასწრო და ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გორის „დილამ“ საკუთარ „თენგიზ ბურჯაბაძეზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა, საბა ლობჟანიძის გამჭოლი პასის შემდეგ დასწრებაზე კარგად გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა და ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი. მეორე ნახევარი გორელთა აქტიურობით დაიწყო და მათივე ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრი 70-ე წუთი, ბექა მიქელთაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „დინამო“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ეს მომენტი „დილაზე“ დადებითად აისახა და გორელთა შეტევები კიდევ უფრო გამწვავდა. წონასწორობის აღდგენის კარგი შანსები ჰქონდათ გოდერძი მაჩაიძესა და თენგიზ წიქარიძეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ეყოთ. „დილამ“ მაინც გაიტანა, კუთხურის შემდეგ დინამოელთა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ჟან დერეტმა ისარგებლა და დედაქალაქელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა. დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.
ეროვნული ლიგის მომდევნო, მეცამეტე ტურის მატჩები 20-21 მაისს გაიმართება.