კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მეათე ტური

4-5 მაისს, ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. 

ქობულეთის „შუქურამ“ საკუთარ „ჩელე არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და კვლავ დამარცხდა. შეხვედრა იმერული კლუბის სრული უპირატესობით წარიმართა და 0:2 დასრულდა. სტუმრებმა ორივე გოლის გატანა პირველ ნახევარში მოახერხეს. მე-10 წუთზე, დავით ჩაგელიშვილის გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე დავით ჯიქია აღმოჩნდა და შემტევმაც მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. შეხვედრა კვლავ სამტრედიელთა უპირატესობით გაგრძელდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეორე გოლიც გავიდა. გიორგი ბერიაშვილმა ბორის მახარაძის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ჩაგელიშვილს დაუტოვა, იმერელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, კი ერთი შეხებით დაარტყა და საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუპოვა. შეხვედრა მეორე ნახევარში იგივე სცენარით გაგრძელდა, უპირატესობას „სამტრედია“ ფლობდა მასპინძლები კი, კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდნენ. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და გია ცეცაძის გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „დინამომ“. დედაქალაქელები ამჯერად ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდნენ და 3:0 იმარჯვეს. მატჩის საწყისი წუთები ორმხრივი შეტევებით მიმდიანრეობდა, მაგრამ მალევე დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და გოლიც გაიტანეს. 35-ე წუთზე, ჩაკვეტაძე-არაბულის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ბექა მიქელთაძემ დაასრულა. გადამწყვეტი გამოდგა პირველი ნახევრის ბოლო წუთები. არაბულის წინააღმდეგ აღებული ბოლო იმედის ჯარიმის გამო არბიტრმა მოედნიდან თამაზ ჟიშკარიანი გააძევა და ფოთელები 10 კაცით დარჩნენ. დანიშნული ჯარიმა ლაშა თოთაძემ შეასრულა. „დინამოს“ სამიანის ძლიერი დარტყმა ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე კი, ყველას ზარიამ დაასწრო და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე დაფიქსირდა. ბოგდან მიშენკოს გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ ბაჩანა არაბული დარჩა და ამჯერად, გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანინა. 

პირველი საშინაო გამარჯვება იზეიმა გორის „დილამ“. გორელები საკუთარ სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ დაუხვდნენ და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. ზივ ავრაჰამ არიეს გუნდმა, გოლების გატანა საწყის წუთებშივე მოახერხა და მატჩის დარჩენილი დრო ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. ლეანდრო რიბეირომ შეტევის მარცხენა ფლანგზე თორნიკე გრიგალაშვილს აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი ჟან დერეტის დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი, ერთი შეხებით მეკარისგან ახლო კუთხეში გადაგზავნა ბურთი. მეორე გოლი საჩხერელთა შეცდომას მოჰყვა. დენის დობროვოლსკიმ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა შემდეგ კი, საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით სალიეუ ტარავალიემ ისარგებლა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. გატანა „ჩიხურასაც“ შეეძლო, კარგი შანსი ჰქონდა დიმიტრი ტატანაშვილს, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და „დილამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

წარუმატებელი გამოდგა ბათუმის „დინამოს“ დაბრუნება მშობლიურ ქალაქში. გადაჭედილ „რაგბი არენაზე“ ბათუმურმა კლუბმა თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ორივე გუნდის კართან საკმაო რაოდენობის მომენტები შეიქმნა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ მეკარეები. რომან ტაკიძემ და რევაზ თევდორაძემ კარგი მატჩი ჩაატარეს და საკუთარი გუნდები რამდენჯერმე გადაარჩინეს. ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თეიმურაზ შონიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად ვალერიან თევდორაძემ შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომაც აქტიურად შეუტია და უკვე მე-16 წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ირაკლი სიხარულიძეს რომან ტაკიძემ აჯობა. თბილისურმა კლუბმა წონასწორობა მეორე ნახევარში აღადგინა. 56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დავით კვირკველიას შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. „დინამოს“ დაწინაურება კვლავ შეეძლო. კარგი შანსები ჰქონდათ იაროსლავ კვასვოვსა და ნიკოლოზ მგელაძეს. უკრაინელის დარტყმული ძელმა მოიგერია, მგელაძეს კი, რევაზ თევდორაძემ აჯობა. საბოლოოდ თბილისელებს გაუმართლათ და 88-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ვატო არველაძემ შორეული დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემტევისთვის ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლია. 

უგოლო ფრით დასრულდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული ტურის ცენტრალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და თბილისის „საბურთალო“ უპირისპირდებოდნენ. პირველ ნახევარში გულშემატკივრებმა არც თუ ისე საინტერესო სანახაობა იხილეს. მეორე ტაიმში კი, გუნდები შედარებით გააქტიურდნენ და ორივე კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და გოლიც არ გასულა. მოპოვებული ერთი ქულით გუნდები, თითო პოზიციით ჩამოქვეითდნენ და 16-16 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. 

ეროვნული ლიგის მომდევნო, მეთერთმეტე ტურის მატჩები 9-10 მაისს გაიმართება.