29-30 აპრილს, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა, რითაც გათამაშების პირველი წრე დასრულდა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ კვლავ 5:0 იმარჯვა. თბილისურმა კლუბმა ამჯერად საჩხერის „ჩიხურა“ დაამრცხა და აღნიშნული შედეგი მიმდინარე სეზონში მესამედ დააფიქსირა. ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. გიორგი დიასამიძის ეფექტური გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ირაკლი სიხარულიძე დარჩა და ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ტექნიკური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ „ჩიხურაც“ გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. ყველაზე კარგი შანსი ლაშა ჩიკვაიძეს მიეცა, რომლის დარტყმულიც ნიკა ჭანტურიამ კარის ხაზიდან გამოიტანა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, თუმცა გოლი კვლავ ლოკომ გაიტანა. 71-ე წუთზე დავით უბილავას შორეული დარტყმა გიორგი განუგრავას მოხვდა და ასე აღმოჩნდა დინო ჰამზიჩის კარში. ეს მომენტი გარდამტეხი გამოდგა და „ლოკომოტივმა“ სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. 75-ე და 78-ე წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა, მამია გავაშელიშვილმა დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა, ირაკლი სიხარულიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრლი დარტყმით შეაგდო.
ანალოგიური ანგარიშით მოიგო მეორე თბილისურმა კლუბმა „საბურთალომ“. გია ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე ქობულეთის „შუქურა“ გახლდათ. შეხვედრა თბილისელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. ვაგნერ გონსალვესის დარტყმა ილია სტურუამ მოიგერია, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას ლაშა შინდაგორიძემ დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა. მატჩი საბურთალოელთა შეტევებით გაგარძელდა. ამან შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო, გონსალვესის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გაგი მარგველაშვილმა გაიტანა. ორი საგოლე გადაცემის შემდეგ ვაგნერმა თავად შეაგდო. 77-ე წუთზე ფრანგმა ლეგიონერმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მეოთხე გოლი 88-ე წუთზე გავიდა. გიორგი კოხრეიძემ ფლანგზე ორი მეტოქე ჩამოიშორა და ბურთი საჯარიმოს სიღრმეში დააგორა, უყურადღებოდ დარჩენილმა ირაკლი ბიძინაშვილმა კი ერთი შეხებით აუღებელი დაარტყა. საბურთალოელთა მეხუთე გოლიც ვაგნერ გონსალვესის აქტიურობას მოჰყვა, მისი გამოზომილი გადაცემის შედეგად ხელსაყრელ პოზიციაში ნიკოლოზ მალი აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს კი, ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.
სამ თამაშიანი წაგებათა სერია შეწყვიტა ბათუმის „დინამომ“. ქობულეთის „ჩელე არენაზე“ შავიზღვისპირა დერბიში ბათუმელები ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ორივე კართან საკმაოდ რაოდენობის მომენტები შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის მეკარეთა კარგი თამაში. სტეფან სიკაჩმა და რომან ტაკიძემ საკუთარი გუნდები რამდენჯერმე გადაარჩინეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა, კენედის დარტყმა მეკარემ მოიგერია, გადმოვარდნილი ბურთი კი, იაროსლავ კვასოვს მიუვიდა და შემტვმაც ცარიელ კარში გაიტანა. ფოთელებს წონასწორობის აღდგენა რამდენჯერმე შეეძლოთ, მაგრამ ყველაზე რეალური მომენტი მატჩის უკანასკნელ წუთზე შექმნეს. გიორგი კილასონიას ჩაწოდეს შემდეგ თავით მიკოლა კოვტალიუკი ურტყამდა, მაგრამ ტაკიძემ ამჯერადაც კარგად ითამაშა და რთული ბურთი მოიგერია.
ზედიზედ ნათამაშები ოთხი ფრის შემდეგ მარცხი განიცადა გორის „დილამ“. გორელებმა საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლეს და მნიშველოვანი შეხვედრა 1:2 დათმეს. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში კი, 52-ე წუთზე გაიხსნა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან დავით ჩაგელიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, უყურადღებოდ მდგარმა დავით რაჟამაშვილმა კი, თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ „დილამ“ აქტიურად შეუტია და 71-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. ლეანდრო რიბეიროს გადაცემის შემდეგ დასწრებაზე სალიეუ ტარავალიემ ითამაშა და ომარ მიგინეიშვილის დაბალ კუთხეში გაუტანა. გადამწყვეტი გამოდგა 85-ე წუთი. გურამ სამუშიამ საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში წამოიწყო და ბურთი საჯარიმოს მისადგემობთან მყოფ დავით რაჟამაშვილს გადასცა. იმერელთა ნახევარმცველმა კი, ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ქართულმა დერბიმ მოლოდინი სრულად გაამართლა სტადიონზე თუ ტელეეკრანებთან შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. მატჩი დინამოელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შეხვედრის პირველ წუთებში ტორპედოელები აქტიურობდნენ, მაგრამ სტუმრებმა მალევე მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და აქტიურადაც შეუტიეს. კარგი შანსი ჰქონდა ბაჩანა არაბულს. შემტევმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. არაბულმა გოლი მაინც გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, გიორგი თევზაძის ჩაწოდების შემდეგ მან ყველას დაასწრო და ბურთი პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა. ტაიმის ბოლო წუთზე „დინამოს“ კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა. ლაშა თოთაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმა როინ კვსხვაძემ მოიგერია. ქუთაისელთა მეკარემ მეტოქე ფეხბურთელებს დამატებაზეც აჯობა და ეს მომენტი ასე განიმუხტა. მეორე ნახევარიც დედაქალაქელთა აქტიურობით დაიწყო. კარგი შანსები ჰქონდათ, გიორგი თევზაძესა და ბაჩანა არაბულს, მაგრამ შემტევებს გადამწყვეტ მომენტში ხან კვასხვაძე სჯობნიდათ, ხანაც სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. კახა კაჭარავას გუნდმა მეორე გოლი 69-ე წუთზე გაიტანა. გიორგი ჩაკვეტაძემ გამოზომილი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გიორგი თევზაძე გაიყვანა, დინამოელთა შემტევმა კი, მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი და საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუპოვა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ „ტორპედოც“ გააქტიურდა. ორი კარგი მომენტი ჰქონდა ნიკა საბანაძეს, მაგრამ ქუთაისელთა ბომბარდირმა ორივე შემთხვევაში არაზუსტად დაარტყა. მატჩის მიწურულს გუნდებმა მომენტები გაცვალეს სერგი ლიტოვჩენკომ პირისპირ საბანაძეს აუღო. როინ კვასხვაძემ კი, ჯერ პაპუნაშვილს აჯობა შემდეგ კი, ნიკა ნინუას. ამ გამარჯვებით „დინამომ“ უახლოეს მდევართან სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.
მეცხრე ტურის მატჩებით ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. როგორც უკვე მოგახსენეთ 21 ქულით გათამაშებას თბილისის „დინამო“ ლიდერობს. ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილზე, ათი გატანილი გოლით, თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი, ირაკლი სიხარულიძეა. ყველაზე მეტი, ხუთი, საგოლე გადაცემის შესრულება კი, „საბურთალოს“ ნახევარმცველმა, ვაგნერ გონსალვესმა მოახერხა.
ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრები 4-5 მაისს გაიმართება.