29-30 აპრილს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართება და ამით ლიგაში პირველი წრე დასრულდება.
ტურის ცენტრალურ და ზოგადად, ქართული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას 30 მარტს ქუთაისი უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე რიგით 64-ე ქართული დერბი გაიმართება. უკვე ჩატარებული 63 შეხვედრიდან 32-ჯერ თბილისელებმა იმარჯვეს, 15-ჯერ ქუთაისელებმა 16 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. კლუბების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში გაიმართა და ის შეხვედრა თბილისური კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმერლებს საკუთარ სტადიონზე პრინციპული მეტოქე 2011 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. რაც შეეხება მიმდინარე ჩემპიონატს: ორივე გუნდი კარგ ფორმაშია - დინამოელები 18 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან, ტორპედოელებს კი 15 ქულა აქვთ და თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. მოახლოვებულ დერბიმდე თბილისურმა და ქუთაისურმა კლუბებმა საქართველოს დავით ყიფიანის თასზე იასპარეზეს და ორივე მათგანმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. „ტორპედომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე, „დინამო“ კი, სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და ანალოგიური ანაგრიშით, 2:0 იმარჯვა. ყველა ზემოაღნიშნული მიზეზის გამო ქართული დერბი ტრადიციისამებრ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.
ამავე დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.
ფოთის „კოლხეთი“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ ორივე გუნდი ფორმიდან ამოვარდა: ფოთელებს უკვე ოთხი ტურია არ მოუგიათ, შვიდი ქულა აქვთ და მეცხრე ადგილს იკავებენ. რაც შეეხებათ ბათუმელებს - ლევან ხომერიკის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო და ცხრა ქულით მეშვიდეზეა. შექმნილ ვითარებაში პირველი წრის გამარჯვებით დასრულება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, გულშემატკივრებს დაძაბული შეხვედრა ელით.
გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ადგილობრივი „დილა“ „სამტრედიას“ დაუხვდება. გასული სეზონის ჩემპიონი იმერული კლუბი მიმდინარე ჩემპიონატში არასტაბილურად ასპარეზობს და მოპოვებული 11 ქულით მეექვსე ადგილზეა. დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაშია გორელთა გუნდიც. გორელებს გამართული რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, ხუთჯერ ფრედ აქვთ ნათამაშები, ორჯერ კი დამარცხდნენ. შესაბამისად, მათ რვა ქულა აქვთ და მერვე პოზიციას იკავებენ.
29 აპრილს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი. თბილისის „ლოკომოტივი“ უშუალო კონკურენტ საჩხერის „ჩიხურას“ დაუხვდება. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორი სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ლოკოს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, საჩხერული კლუბი კი 13 ქულით მეოთხეზეა. გასულ ტურში ორივე გუნდმა განსხვავებული შედეგი დააფიქსირა: „ჩიხურამ“ ფოთს „კოლხეთი“ დაამარცხა 3:1, „ლოკომოტივმა“ კი, „სამტრედიასთან“ უგოლო ფრე, 0:0 ითამაშა.
თბილისის „საბურთალო“ „მიხეილ მესხზე“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. გასულ ტურში საბურთალოელები თბილისურ დერბიში დამარცხდნენ - „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ქობულეთელებს კი ამ სეზონში საერთოდ არ მოუგიათ და გამართული 8 შეხვედრიდან მხოლოდ სამ მატჩში მოახერხეს თითო ქულის აღება.
ახალი ამბები