კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ლიდერი კვლავ იგებს

21, 22 და 23 აპრილს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

ქობულეთის „შუქურამ“ საკუთარ „ჩელე არენაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და კვლავ ვერ მოიგო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, მაგრამ გადაწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. რვა ტურის შემდეგ ქობულეთელებს სამი ქულა აქვთ და მეათე ადგილზე არიან, გორელებს კი, რვა ქულა მოუგროვდათ და მეშვიდეზე არიან. 

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპიძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მერვე წუთზე გაიხსნა. გიორგი ივანიშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ ფოთელები გააქტიურდნენ და 22 წუთზე წონასწორობის აღდგენის რეალური შანსიც მიეცათ, მაგრამ დავით ბოლქვაძემ 11-მეტრიანი არაზუსტად შეასრულა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში პენალტის დარტყმის უფლება იმერლებმაც მიიღეს, თუმცა სტანდარტი დიმიტრი ტატანაშვილმა ვერ გამოიყენა. „ჩიხურამ“ მაინც გაიტანა, სიკაჩის მოგერიებული ბურთი ირაკლი ლექვთაძეს მიუვიდა, შემტევმა კი ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. საჩხერელებმა მესამე გოლის გატანა მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს, 47-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში მიშიკო სარდალიშვილმა დააგვირგვინა. ფოთელებმა პრესტიჟის გოლი 64-ე წუთზე გაიტანეს, გოლი შეცვლაზე შემოსული ლევან კაკულიას ანგარიშზეა. 

კიდევ ერთი უგოლო მატჩი სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ გაიმართა. ადგილობრივმა „სამტრედიამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, რეალური მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ გოლი არ გასულა. ლოკოს 15 ქულა დაუგროვდა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. სამტრედიელებს კი, 11 ქულა აქვთ და კვლავ მეექვსე პოზიციაზე არიან. 

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ქუთაისის „ტორპედომ“. იმერული კლუბი სტუმრად ამჯერად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. შეხვედრაში ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს, გიორგი ქავთარაძის გადაცემის შემდეგ იაროსლავ კვასოვმა ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და დაწინაურება პირველივე ტაიმში შეძლეს. იმერლებმა 30-ე წუთზე გიორგი გურულის გოლით გაათანაბრეს. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი, იმავე გურულის წყალობით მეორედაც აიღეს მეტოქის კარი. ტორპედოელთა მცველმა ორივე შემთხვევაში სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა. საბოლოო ანგარიში შეხვედრის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, აჭარელთა საჯარიმოში შეჭრილმა ვაჟა ტაბატაძემ ბურთი გრიგოლ დოლიძეს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი, მეკარისგან ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით გაიტანა.

მერვე ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველ ნახევარში გუნდები ბევრს არ უტვედნენ და მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. მეორე ტაიმში კი, ორივე გუნდმა უფრო აქტიურად შეუტია და მაყურებლებმა გოლებიც იხილეს. ანგარიში 58-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძე შეტევის მარცხენა ფლანგზე ორ მეტოქეს გასცდა და ბურთი საბა ლობჟანიძეს გადააწოდა, დინამოელთა შემტევმა კი, ერთი შეხებით დაარტყა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე გოლი სტანდარტიდან გავიდა, 77-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გიორგი თევზაძემ გაიტანა. მოპოვებული გამარჯვებით „დინამოს“ 18 ქულა დაუგროვდა, უახლოეს მდევართან სხვაობა სამ ქულამდე გაზარდა და ლიდერობა განიმტკიცა. „საბურთალოს“ კი, კვლავ 12 ქულა აქვს და მეხუთეზეა. 

ეროვნული ლიგის მორიგი, მეცხრე ტურის მატჩები 29-30 აპრილს გაიმართება.

ფოტო: www.fcdinamo.ge