21, 22 და 23 აპრილს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართება.
ცენტრალურ შეხვედრას 23 აპრილს თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. „დინამო“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. დინამოელებს 15 ქულა აქვთ და გათამაშებას ლიდერობენ, საბურთალოელები კი, 12 ქულით, მესამეზე არიან. გასულ ტურში საკუთარი თამაშები ორივე მათგანმა მოიგო. „დინამომ“ „შუქურას“ აჯობა 5:0, „საბურთალომ“ კი ბათუმის „დინამოს“ 2:0. თბილისურ გუნდებს შორის სულ ხუთი შეხვედრაა გამართული, საიდანაც ოთხი „დინამომ“ მოიგო ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
21 აპრილს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა ჩატარდება.
ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ „ჩელე არენაზე“ გორის „დილას“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ქობულეთელები არასტაბილურად ასპარეზობენ და მოპოვებული 2 ქულით ბოლო მეათე ადგილს იკავებენ. აჭარული კლუბი ერთადერთია ლიგაში, რომელსაც ჯერ არ მოუგია. გასავარდნ ზონაშია გორის „დილაც“. გორულ კლუბს შვიდი ქულა აქვს და მერვეზეა. გუნდების ბოლო დაპირისპირება 2015-16 წლების სეზონში გაიმართა და ის მატჩი ქობულეთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ფოთელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ტურებში არასტაბილურად იასპარეზეს და შვიდი ქულით მეცხრე ადგილზე არიან. საჩხერლებს კი 10 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ.
მერვე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 22 აპრილს გაიმართება.
თბილისის „ლოკომოტივი“ „სამტრედიას“ ესტუმრება. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 17 შეხვედრა აქვთ გამართული. საიდანაც 11 თბილისურმა კლუბმა მოიგო, 5 - სამტრედიულმა, 1 მატჩი კი, ფრედ დასრულდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს: ლოკო 14 ქულით მეორე ადგილზეა, იმერულ გუნდს კი 10 ქულა აქვს და მეექვსეზეა.
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქობულეთის „ჩელე არენაზე“. სადაც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ბათუმური და ქუთაისური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი და დაძაბულია. შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც სძენს, რომ სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ქუთაისელები 12 ქულით მეოთხეზე არიან, ბათუმელები კი 9 ქულით მეშვიდეზე.
ფოტო: www.fcdinamo.ge