კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

10-11 მარტს ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება

10-11 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

10 მარტს ტურის პირველ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ „ეროსი მანჯგალაძეზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. გასულ ტურში ქობულეთელებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ „სამტრედიასთან“ სტუმრად ქულის აღება მოახერხეს. რაც შეეხებათ ქუთაისელებს, ისინი ასევე სტუმრად „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძლებს ბრაზილიელი ლეგიონერი, ჯეფინიო დააკლდებათ.

მეორე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის პირველ თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი“ „დინამოს“ დაუპირისპირდება. ახალი ჩემპიონატი ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო და შესაბამისად ორივე მათგანი მოახლოვებულ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. თბილისურ კლუბებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 49-ჯერ უთამაშიათ, აქედან 30 შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, 12 მატჩი ფრედ, 7 კი, ლოკომ მოიგო.

საინტერესო მატჩი გაიმართება სამტრედიაშიც. ეროსი მანჯგალაძის სახელობსი სტადიონზე ადგილობრივი „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. კლუბების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ფინალში შედგა და მაშინ სამტრედიელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხეს. გუნდების შემადგენლობიდან გამომდინარე ისინი მიმდინარე სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ჩემპიონატის სტარტი იმერული კლუბებისთვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა და ორივე მათგანს 1 ქულა აქვს. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე გულშემატკივრებს დაძაბული შეხვედრა ელით.

პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს გორის „დილა“. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გორელები ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ. ზივ ავრაამ არიეს გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში საკმად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, რომ „დილასთან“ ადვილი თამაში არავის ელის. თავის მხრივ ჩემპიონატის მარცხიანი სტარტის შემდეგ ბათუმური კლუბი პირველი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება და გორში მოსაგებად ჩავა.

ფოთის „კოლხეთი“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ თბილსის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება და აქედან გამომდინარე სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა ელით. ფოთელები გასულ ტურში „დინამოსთან“ დამარცხნდნენ, მაგრამ გელა სანაიას გუნდმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა და მატჩის ბოლო წუთებზე თბილისიდან ქულის წამოღებაც შეეძლო. საბურთალოელთათვის კი, პირველ ტურში ყველაფერი კარგად წარიმართა და მათ გიორგი კოხრეიძის გოლის წყალობით „ტორპედო“ დაამარცხეს.

ეროვნული ლიგა ინსტაგრამზე: