5 მარტს, ეროვნული ლიგის პირველი ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ბათუმელთა შეტევებით დაიწყო. მათ პირველივე წუთზე პენალტის დატყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ კუთხურის შემდეგ აიღო თბილისელთა კარი. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო გააქტიურდა და 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თეიმურაზ ღონღაძის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ თავი შეაშველა და ბათუმელთა უკრაინელ მეკარეს აუღებელი დაურტყა. გიორგი დევდარიანის გუნდმა გადამწყვეტი გოლიც პირველ ნახევარში გაიტანა. 43-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის მიერ ჩაჭრილი ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. მეორე ნახევარში „დინამო“ უფრო აქტიურად უტევდა და „ლოკომოტივი“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებით, თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.
თბილისმა ეროვნული ლიგის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა. მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ. დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ უშანსოდ არც სტუმრები ყოფილან. ფოთელებს ყველაზე რეალური მომენტები მატჩის მიწურულს შეექმნათ, მაგრამ დინამოელთა მეკარემ - სერგი ლიტოვჩენკომ ჯერ გურამ ლუკავას აუღო შემდეგ კი - ვარლამ კილასონიას. რაც შეეხება შეხვედრის ერთადერთ გოლს, ის 26-ე წუთზე გავიდა. ოთარ კიტეიშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ბაჩანა არაბულმა თავით შეაგდო.
მოლოდინისამებრ, დაძაბული გამოდგა თბილისის „საბურთალოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება, რომელსაც სფფ-ის ხელმძღვანელები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაესწრნენ. ვლადიმირ ვაისი ეროვნული ლიგის პირველი ტურის სამ მატჩს დაესწრო. "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა: რეალური მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. ქუთაისელთა მხრიდან ყველაზე რეალური მომენტი ბექა ტუღუშს შეექმნა. შემტევმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა, მაგრამ ერთი შეხებით დარტყმა გადაწყვიტა და კარს ააცილა. საბურთალოელთა მხრიდან კი გოლთან ყველაზე ახლოს ვაგნერ გონსალვესი იყო. ფრანგმა ლეგიონერმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მაგრამ ქუთაისელთა კარი გოლისგან ძელმა იხსნა. მასპინძლებმა გატანა მაინც მოახერხეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში როინ კვასხვაძის კარი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კოხრეიძემ აიღო.
ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მაგრამ საგოლე მომენტები ორივე კართან მრავლად იყო. გორელთა მხრიდან ყველაზე აქტიურები ბრაზილიელი ლეგიონერები ჟან დერეტი და ლეანდრო იყვნენ. მასპინძელთა მხრიდან კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი გაბედავამ. შემტევმა ჯერ პირველ ტაიმში სცადა მეტოქის კარის შორეული დარტყმით აღება შემდეგ კი, მეორე ნახევარში, ეფექტური საჯარიმო დარტყმაც შეასრულა, რომელიც მიხეილ მუჯრიშვილმა გაჭირვებით მოიგერია.
ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები 10-11 მარტს გაიმართება.