კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა იწყება!

3 მარტს, მედიათეკაში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გაიმართა. 4 მარტიდან კი, გასული სეზონის ჩემპიონი „სამტედიის“ და ქობულეთის „შუქურას“ მატჩით ლიგა აიღებს სტარტს. ახალ ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშება 4 წრედ ჩატარდება. გულშემატკივარს ტურის ხუთივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლება.

ეროვნული ლიგის გახსნით შეხვედრას სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. გარდამავალი სეზონის ჩემპიონი, „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე „შუქურას“ მიიღებს. მართალია სამტრედიელთა რიგები რამდენი ლიდერმა დატოვა, მაგრამ კლუბმა შევსებაც ღირსეული მიიღო და მოახლოვებულ ჩემპიონატს კვლავ ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ხვდება. რაც შეეხება მათ მეტოქე ქობულეთის „შუქურას“, ქობულეთელებმა გასული სეზონი არც თუ ისე სტაბილურად ჩაატარეს, მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და მათთან ადვილი გასეირნება არავის ელის. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი ტურის დარჩენი შეხვედრები 5 მარტს გაიმართება და მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ.

თბილისის „ლოკომოტივი“ ბათუმის „დინამოს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმასპინძლებს. თბილისური და ბათუმური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია. ბოლოს კლუბები ერთმანეთს 2015-16 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. მაშინ ერთი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა ერთი კი, ფრედ 1:1. 

თბილისის „დინამო“ ახალ სეზონს საკუთარ „დინამო არენაზე“ დაიწყებს. თბილისელები ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებენ. გარდამავალი სეზონის დასრულების შემდეგ მათ რიგებში ბევრი ცვლილება მოხდა და აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქურმა გუნდმა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მაინც დაიმატა. ფეხბურთელების ცვლილებასთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში „დინამომ“ მწვრთნელიც შეცვალა. უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნის ნაცვლად გუნდის სათავეში კახა კაჭარავა მოვიდა. ფოთის „კოლხეთში“ რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ გუნდმა რამდენმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გააკეთა. მათ შორის ყველაზე საინტერესო კი, კენიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველის ერიკ ოტიენოს დამატებაა. 

გარდამავალი სეზონის ვერცხლის პრიზიორი, საჩხერის „ჩიხურა“ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ მიიღებს. გორელთა რიგებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კლუბი ებრაელმა ინვესტორებმა შეიძინეს. თანამდებობა დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა და მის ადგილას ასევე ებრაელი, ზივ აბრაამ ავრიე დაინიშნა. მწვრთნელის ცვლილებასთან ერთად გუნდში რამდენიმე ლეგიონერი მოვიდა. მოკლედ გორელები მოახლოვებული სეზონისთვის სერიოზულად მოემზადნენ და სავარაუდოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხებათ საჩხერელებს, მათ გუნდის ბირთვის შენარჩუნება მოახერხეს და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატეს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ გარდამავალი სეზონის მსგავსად იმერლები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. გასულ სეზონში საბურთალოელებმა ბრინჯაოს პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ნახევარფინალში თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდნენ და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელეს. ქუთაისელებისთვის კი, 2016 წლის გარდამავალი სეზონი წარმატებული იყო. გუნდმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზებს.